25 აპრილი 2024,   17:48
ვრცლად
ოპოზიციის ლიდერებმა სასამართლოს შესახებ სერიოზული წუხილები გაგვიზიარეს - კონგრესის დელეგაცია ხელისუფლების ოპონენტებს შეხვდა

თბილისში მყოფი აშშ-ს კონგრესის დელეგაცია დილიდან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. მედიაციის შემდეგ, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ორივე მხარის მხრიდან კომენტარები გაკეთდა. 

სენატორ კრის კუნსის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოსთვის მხარდაჭერას დემოკრატიული ინსტიტუტების, სასამართლოს და ეკონომიკის გაძლიერების გზაზე.

"ძალიან კონსტრუქციული და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიას, დემოკრატია მოითხოვს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, დამოუკიდებელ სასამართლოს, უსაფრთხოებას და ძლიერ ეკონომიკას. საქართველოს დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში შეერთებული შტატები მუდმივად დებდა ინვესტიციას ამ მიმართულებით. მოსამართლეების გადამზადებაში, უსაფრთხოების მხარდაჭერაში, ეკონომიკისა და განვითარების ინვესტიციებში, თუკი პოზიტიური გზა უნდა იყოს ევროკავშირის წევრობისკენ საჭიროა რეფორმების გაგრძელება მთავრობასა და საზოგადოებაში. ჩვენ ვაფასებთ აქ პრესის თავისუფლებას," - განაცხადა კრის კუნსმა.

კონგრესმენ დევიდ სისილინის განცხადებით, კი ოპოზიციის ლიდერებმა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე მიაწოდეს ინფორმაცია, მისი თქმით, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად მუშაობა უნდა გაგრძელდეს.

"ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, ვფიქრობ ოპოზიციის ლიდერებმა გაგვიზიარეს სერიოზული წუხილები სასამართლოს შესახებ, დემოკრატიის ინსტიტუტების გაძლიერებაზე, რაც ქართველ ხალხთან ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში მუშაობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ძალიან მნიშვნელოვანია ეს მუშაობა გაგრძელდეს, რათა დემოკრატიის ეს ინსტიტუტები გაძლიერდეს, და რეფორმები, რომლებზეც მათ ისაუბრეს ყურადღებით იყოს განხილული. ჩვენ ველით მუშაობის გაგრძელებას საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად," - განაცხადა დევიდ სისილინმა.

აშშ-ს კონგრესის წევრებთან შეხვედრაზე ოპოზიციის ლიდერებმა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაჩქარების, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რეგიონულ საფრთხეებზე და დემოკრატიული რეფორმების ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

"საქართველოს ხელისუფლების პოზიციონირება არ ასახავს საქართველოს მოქალაქეების მოსაზრებას. რასაც ისინი ეძახიან პრაგმატულ პოლიტიკას უკრაინასთან მიმართებაში, სინამდვილეში არის მორალურად და პოლიტიკურად გაუმართლებელი. ეს რა თქმა უნდა ძალიან ნათლად ჩამოაყალიბა ოპოზიციის ყველა წარმომადგენელმა, ეს ძალიან კარგად ესმით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც, რომლებიც წლებია აკეთებენ ყველაფერს იმისთვის რომ საქართველოს ქონდეს ევროატლანტიკური პერსპექტივა," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა.

 

დღის ამბები