20 აპრილი 2024,   13:37
ვრცლად
დატოვებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს უკვე მეოთხედ ბოიკოტის ნიშნად - ინიციატივას თავად პარტიაშიც ყველა არ ეთანხმება

აირჩევს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" სამჯერ ნაცად ხერხს მეოთხედაც - ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ზოგიერთი წევრი არ გამორიცხავს, რომ 2 წლის განმავლობაში პარლამენტი მეოთხედ დატოვოს.

რომან გოცირიძემ მისივე თანაგუნდელს პოლიტიკური ტაქტიკა დაუწუნა. საპარლამენტო საქმიანობისთვის მორიგი ბოიკოტის შესაძლო გამოცხადებაზე "ნაციონალურ მოძრაობაში" აზრთა სხვადასხვაობაა. საპარლამენტო მანდატების მფლობელების უმრავლესობისთვის მიუღებელი და პოლიტიკურად გაუმართლებელი ნაბიჯია მეოთხედ თქვან უარი სადეპუტატო საქმიანობაზე.

პარლამენტის დატოვების აუცილებლობაზე ნუგზარ წიკლაურმა "პალიტრა ნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის ეს გეგმის მხოლოდ ნაწილია. მისი აზრით ბოიკოტის შემდეგ პარტიამ პარლამენტი საერთოდ უნდა დატოვოს. ნუგზარ წიკლაური გუნდში დისკუსიის გახსნას ელოდება თუ რას აძლევს პარტიას საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა, როდესაც მათი ლიდერი პატიმრობაშია. ისინი, ვინც მეათე მოწვევის დეპუტატები არიან, თანაგუნდელის ინიციატივების განხილვის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

რა პერსპექტივა ექნება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პარლამენტისთვის ბოიკოტის შესაძლო გამოცხადებას, პროგნოზი უჭირთ სხვა პარტიებში. ოპოზიციური ძალები ასევ ვერ საუბრობენ იმაზეც, მიიყვანს თუ არა ყოფილ მმართველ პარტიას ეს ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე.

პროვოკაციული და კონსტიტუციასთან შეუსაბამო - ეს არის მმართველი პარტიის შეფასება. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ თუ "ნაციონალური მოძრაობა" ბოიკოტის რეჟიმში კიდევ ერთხელ გადავა, ეს მნიშვნელოვანი რეპუტაციული დარტყმა იქნება და დადასტურდება, რომ პარტია პოლიტიკურ რესურსს კარგავს.

ბოლო ორი წლის განმავლობაში "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტში 3-ჯერ იმყოფებოდა, თუმცა ისევ აირჩევს თუ არა იმავე გზას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია, ჯერჯერობით უცნობია.

დღის ამბები