საფრანგეთმა პრეზიდენტი აირჩია - ემანუელ მაკრონი ბოლო 20 წელში ერთადერთი პოლიტიკოსია, რომელმაც პირველი პირის მანდატი მეორე ვადით მოიპოვა. მეორე ტურში მან ხმების 59 პროცენტი მიიღო და დაამარცხა ულტრა მემარჯვენე მარინ ლე პენი.
არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არამხოლოდ საფრანგეთისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც- გერმანიის, ესპანეთის და პორტუგალიის ლიდერებმა ფრანგ ამომრჩევლებს საგაზეთო სტატიებში პირდაპირ მოუწოდეს მაკრონის მხარდაჭერისკენ და ლე პენს "პოპულისტი და მემარჯვენე ექსტრემისტი" უწოდეს, ის შეადარეს პუტინსაც.
ემანუელ მაკრონმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ყველას პრეზიდენტი იქნება.
"მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ფრანგ მამაკაცსა და ქალს, ვინც პირველ და მეორე ტურში ნდობა გამომიცხადა, რათა განვახორციელოთ ჩვენი პროექტი უფრო დამოუკიდებელი საფრანგეთისა და უფრო ძლიერი ევროპისთვის. ეს ახალი ერა არ იქნება იმ ხუთწლიანი ვადის გაგრძელება, რომელიც დასასრულს უახლოვდება, არამედ ახალი მეთოდის კოლექტიური გამოგონება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ახალგაზრდობის უკეთესი სამსახურისთვის მომავალი 5 წლის განმავლობაში. ვიქნები ყოველი თქვენგანის პრეზიდენტი. ვიცი, რომ ბევრმა ჩვენმა თანამემამულემ დღეს ხმა მომცა არა იმ იდეების მხარდასაჭერად, რასაც მე ვატარებ, არამედ ულტრ- მემარჯვენეების იდეების დასაბლოკად. მინდა მათ მადლობა გადავუხადო და ვუთხრა, რომ ვიცი, რომ ეს ხმა მომავალ წლებში ვალდებულებას მაკისრებს," - განაცხადა მაკრონმა.
მაკრონი წინასწარი შედეგებითაც ფავორიტი იყო, თუმცა შედეგების გამოცხადებას მემარჯვენეების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
მაკრონის გუნდში აცხადებენ, რომ გამარჯვება იმ დაპირებების შესრულებამ განაპირობა, რაზეც მაკრონი 2017-ში საუბრობდა.
"ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ ფრანგი ხალხისათვის. ვფიქრობ ეფექტურად გავუმკლავდით ეკონომიკურ კრიზისს, ასევე, ინფლაციასა და ენერგო რესურსებზე გაზრდილ ფასებს. ამან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ემანუელ მაკრონის გამარჯვებაში. ჩვენთვის კარგად ცნობილია უფრო მეტის და უკეთესის კეთების საჭიროება საფრანგეთის მოსახლეობისთვის. როცა შენს ხელთაა გამარჯვება, გაქვს მანდატი, რომ მიყვე შენს პროგრამასა და დაპირებებს.
ემანუელ მაკრონის გამარჯვების არსი იყო ის, რომ მან შეძლო იმ დაპირებების შესრულება, რაზეც 2017-ში განაცხადა. მან შეძლო თავისი სიტყვისა და დაპირებების შესრულება. ესაა მიზეზი რატომაც მიეცა ახლა მას დამატებით 5 წელი, რომ გახადოს საფრანგეთის მოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრება უკეთესი," - აღნიშნა საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა.
"ეს უკეთესი გზაა. ჩვენ არ არ ვუჭერთ მხარს რადიკალ-მემარჯვენეობას. ეს საუკეთესო არჩევანია საფრანგეთისთვის. ჩვენ არ გვინდა რადიკალ-მემარჯვენე. ეს გზა უკიდურესობისკენ. მაკრონი არ არის ძალიან ლიბერალი თუმცა ლე პენს სჯობს. მისი იდეებიც კარგია," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.