19 აპრილი 2024,   06:19
ვრცლად
"ვაძლიერებთ საქართველოსთვის ზოგიერთ ბერკეტს, რადგან ნდობა თქვენი ქვეყნისადმი მაღალია" - ხავიერ კოლომინა

ნატოს გენმდივნის სპეციალურ წარმომადგენელს მოუსმინეს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. შეხვედრა ხავიერ კოლომინასთან დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა. ცნობილია, რომ ძირითადი განსახილველი თემები ნატო-საქართველოს ურთიერთობები, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის პრიორიტეტები და რეგიონის უსაფრთხოება იყო. მანამდე, კოლომინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს შეხვდა.

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში განცხადებით, მოხსენება ეხებოდა, როგორც რეგიონში უსაფრთხოების საკითხებს, ასევე, პოლიტიკურ თემებს. გარდა ამისა, მან ისაუბრა ნატო - საქართველოს ურთიერთობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო არის ნატოს ღირებული პარტნიორი და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება.

"ჩვენ ფოკუსირებულები ვართ, როგორც უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში, ასევე, პოლიტიკურ თემებზე. საქართველო ჩვენი ღირებული პარტნიორია, ჩვენ შორის არსებული ურთიერთობა შესანიშნავია. ვაძლიერებთ საქართველოსთვის ზოგიერთ ბერკეტს, რადგან ნდობა თქვენი ქვეყნისადმი მაღალია. გვაქვს პოლიტიკური დიალოგი, რუსეთის ომმა უკრაინაში ტექტონიკური ცვლილებები გამოიწვია ყველგან. ჩვენ გვექნება ყველა პარტნიორთან მჭიდრო კომუნიკაცია, პროცესი გაგრძელდება მადრიდის სამიტამდე და იქაც გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას,"-აცხადებს ხავიერ კოლომინა.

სანამ სხდომა დაიწყებოდა, ხავიერ კოლომინა შეხვდა პარლამენტის თავმჯდომარეს. ამ შეხვედრას ესწრებოდა ოპოზიციის ნაწილი, საუბრის მთავარი თემა კი კვლავ ნატო-საქართველოს ურთიერთობები და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იყო.

"საუბარი შეეხო ბოლო თვეებში შექმნილ ვითარებას,  ამ ფონზე ალიანსის ახალი პოლიტიკის აუცილებლობას, ამ საკითხთან დაკავშირებით, მე ვუთხარი, რომ დადგა აუცილებლობა, არა მხოლოდ ნაბიჯის ინტეგრაციისა და კოლექტიური უსაფრთხოების გაძლიერებისთვის, არამედ წინ ნახტომისთვის. მადრიდის სამიტზე ჩვენ უნდა ვნახოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები. შეხვედრაზე მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ "ქართული ოცნება" რჩება ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მომხრე და სურს, რომ წევრობა დაჩქარდეს,"-აცხადებს დავით უსუფაშვილი. 

ხავიერ კოლომინას შეხვედრა საკანონმდებლო ორგანში დასრულდა. ცნობილია, რომ დღის მეორე ნახევარში მას შეხვედრა ექნება პრემიერ-მინისტრთან. 

დღის ამბები