24 აპრილი 2024,   14:09
ვრცლად
არესტოვიჩის ამოცანაა, საქართველო ომში ჩაებას, არ მგონია, მას უფრო მეტად უყვარდეს საქართველო, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს - ნიკოლოზ სამხარაძე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ნათელია ოლექსეი არესტოვიჩის ამოცანა, რომ საქართველო ომში ჩაებას.

სამხარაძის თქმით, საქართველომ ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა.

"არესტოვიჩის განცხადებები გახდა უკვე ძალიან მომაბეზრებელი. მე მგონი, მას უკვე საერთოდ აღარ უნდა მივაქციოთ ყურადღება. ძალიან ნათელია, რა არის მისი ამოცანა. მისი ამოცანაა, საქართველო ჩაებას ომში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რამდენი კაცია გაყვანილი ცხინვალიდან და აფხაზეთიდან, რამდენი ტანკია იქ დარჩენილი და ამისთვის არესტოვიჩის მითითებები ნამდვილად არ გვჭირდება. არ მგონია, არესტოვიჩს უფრო მეტად უყვარდეს საქართველო, ვიდრე რომელიმე ჩვენგანს. ჩვენც ძალიან კარგად ვიცით, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა როგორ უნდა აღვადგინოთ," - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, ვიცე-პრემიერისა და კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველო არ დაუშვებს ომს. ხოლო არესტოვიჩის განცხადებები ადასტურებს იმას, რომ არის მცდელობა საქართველო საომარ მოქმედებებში ჩაერთოს.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი აცხადებს, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, თუმცა თბილისი ამას არა მხოლოდ არ აკეთებს, მეტიც, ცდილობს გაამართლოს რუსეთის პოზიციები.

დღის ამბები