"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე გავრცელებულ ჩანაწერზე განმარტებას აკეთებს. პოლიტიკოსის თქმით, მან ხმოვანი შეტყობინება პარტიულ ჩატში ჩააგდო, თუმცა პრობლემა არა საუბრის შინაარსი, არამედ ისაა, რომ უსმენენ.
კომენატარი გააკეთეს მისმა თანაპარტიელებმაც. ენმ-ის წევრის ანა წითლიძის თქმით, ბარამიძის ჩანაწერებზე მეტად მნიშვნელოვანი ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბარია.
"მე საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს რა ჩანაწერებზეა საუბარი. არ მისმენია. ეს უნდა ჰკითხოთ თვითონ ბარამიძეს და არ ვიცი უბრალოდ რაზე ილაპარაკა. კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ რა ილაპარაკა ბარამიძემ, იმაზე ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი არის, რა ილაპარაკეს ევტუშენკოვმა და ბიძინა ივანიშვილმა. ფოკუსირება მთლიანად იმაზე უნდა გვქონდეს, მაშინ როდესაც უკრაინაში რუსეთი აწყობს გენოციდს, ჩვენი ქვეყნის არაფორმალური ლიდერი მას ელაპარაკება ტელეფონით, სთავაზობს დახმარებას," - განაცხადა ანა წითლიძემ.
ენმ-ის კიდევ ერთი წევრის, გიორგი ბოტკოველის შეფასებით, ბარამიძის ჩანაწერების გავრცელებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ხელისუფლება ყველას უკანონოდ უსმენს.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გავრცელებული ჩანაწერით, "ნაციონალური მოძრაობის" უკრაინის ხელისუფლების ნაწილთან კავშირი დადასტურდა.
"ეს არის ერთიანი ჯაჭვი, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო, როგორც ქვეყანა, მისი ინტერესები იყოს მაქსიმალურად დაზიანებული. მთელი ეს სქემა, რომ საქართველო ომში ჩაერთოს, უკრაინის ელჩი უნდა გაითათხოს და როგორც იქ გინებით არის მოხსენიებული, ეგეთი დღე უნდა დააყარონ, თუკი საქართველოზე რამე ნორმალურს იტყვის, ეს არის ამ ომისა და ღალატის პარტიის ერთიანი საქმიანობა," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, ინტერნეტში რამდენიმე მედიასაშუალების მიერ გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც, სავარაუდოდ, "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის საუბარია ასახული. ჩანაწერში, სავარაუდოდ, გია ბარამიძე საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულს ანდრეი კასიანოვის მისამართით შეურაცხმყოფელ გამოთქმას იყენებს. ამასთან ახსენებს დავით არახამიას და უკრაინის ადმინისტრაციას.