19 აპრილი 2024,   22:26
ვრცლად
არესტოვიჩის განცხადებებს საქართველოში ისევ მოჰყვა შეფასებები - ვის სურს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა და როგორია თბილისის პასუხი

პრემიერ-მინისტრი დღეს მედიასთან იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც ბოლო პერიოდში ერთმანეთის მიყოლებით საქართველოში ომის მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით გაკეთდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა იმ ღია მინიშნებებზეც, რაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე, უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდან გაჟღერდა.

აღიარებად, პრემიერმა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის დღევანდელი განცხადება შეაფასა. ალექსი არესტოვიჩმა საქართველოს ხელისუფლება ისევ გააკრიტიკა. თქვა, რომ ქვეყანას აქვს ისტორიული შესაძლებლობა დაიკავოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, თუმცა თბილისი ამას არ აკეთებს.

მმართველ გუნდში არესტოვიჩის ნათქვამს, პროვოკაციული უწოდეს, მისი რიტორიკა კი "ნაციონალურ მოძრაობასთან" საერთო ინტერესს დაუკავშირეს.

დეოკუპაციასთან დაკავშირებით, ხელისუფლების პოზიციას "ნაციონალური მოძრაობა" აკრიტიკებს. პარტია უკრაინელ მაღალჩინოსანს ნაწილობრივ ეთანხმება კიდეც. ამბობენ, რომ ტერიტორიების დაბრუნებისთვის ყოველდღიური ბრძოლაა საჭირო.

სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის კი, არესტოვიჩის განცხადება კატეგორიულად მიუღებელია. განმარტავენ, რომ მსგავსი მოწოდებები, არც საქართველო-უკრაინის ურთიერთობებს და არც საქართველოს დეოკუპაციას არ ეხმარება.

საქართველოს ტერიტორიები რომ მშვიდობიანი გზით უნდა დაუბრუნდეს, ამაზე დღეს თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობის კომიტეტების ხელმძღვანელებმაც ისაუბრეს და კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესებით მოქმედებს.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველის "ამერიკის ხმასთან" მიცემული ინტერვიუ პირველი არ ყოფილა, სადაც ალექსეი არესტოვიჩმა საქართველოზე ისაუბრა. ჯერი კიდევ 2 დღის წინ მან თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დღეს ომის ადამიანები არ არიან და რომ მსგავს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი მიიღებდა. სწორედ სააკაშვილს და საქართველოში მის ჩამოსვლას უკავშირებს პრემიერ-მინისტრი მეორე ფრონტის გახსნის მიზანს.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მალევე, პირველი, ვინც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესაძლებლობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ეს კიევს თავდაცვაში დაეხმარება - ალექსეი დანილოვი იყო - უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი. მას შემდეგ მსგავსი მოწოდება უკრაინელი მაღალჩინოსნებისგან არაერთხელ გაჟღერდა.

დღის ამბები