მორიგი კრიტიკა ისევ უკრაინიდან და ისევ პრეზიდენტის მრჩეველისგან - საქართველოს მთავრობის მიმართ პრეტენზიები, ამჯერად მიხაილო პოდოლიაკმა გამოთქვა, რომელმაც ქვეყნის ხელისუფლება და მოსახლეობა ერთმანეთისგან გამიჯნა.
თქვა, რომ ქართველი ხალხისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობის მკაფიო მხარდაჭერას ვერ გრძნობს. მეტიც, მიაჩნია, რომ მმართველი გუნდი საერთაშორისო საზოგადოების პოზიციებს აცდენილია. უკრაინელი მაღალჩინოსანი მიზეზად, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს ასახელებს. "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში მან ისიც განაცხადა, რომ იურიდიული მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა საქართველო-რუსეთს შორის სანქციებზე გვერდის ასავლელად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
"ქართული ოცნებისთვის" უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადება არადამაჯერებელია. პარტიის თავმჯდომარის თქმით, უნდობლობას მსგავსი გზავნილების ავტორების რუსული კავშირებიც იწვევს. ირაკლი კობახიძე ამ ყველაფრის მიღმა, საქართველოს ომში ჩართვის მორიგ მცდელობას ხედავს
მეტ პასუხისმგებლობას კი, ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს. "ნაციონალური მოძრაობა" და მათი პარტნიორები, პოდოლიაკს სრულად ეთანხმებიან იმაში, რომ მთავრობის პოზიციას მეტი სიცხადე სჭირდება. პარტიებში მიაჩნიათ, რომ უკრაინის მხრიდან არსებულ კითხვებს ლეგიტიმური საფუძველი აქვს.
უკრაინის ხელისუფლება რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოსგან მეტ მხარდაჭერას ითხოვს, ამაზე ოპოზიციის უმრავლესობა თანხმდება, თუმცა მათი ნაწილი უკრაინიდან წამოსულ ბრალდებებზე მტკიცებულებებს ისევ უკრაინული მხარისგან ითხოვს.
მთავრობის პოზიცია კარგად გააზრებულია - ეს დღეს მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ თქვეს, როგორც ქართველი ოპონენტების, ისე უკრაინელი მაღალჩინოსნების მისამართით. "ქართულმა ოცნებამ" კიევიდან გაჟღერებული ბრალდებები, უკრაინის ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" გავლენებს დაუკავშირა.
მიხაილო პოდოლიაკი უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის ერთადერთი არ არის, რომელიც ომის პირობებში, საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს. ბრალდებები გასული დღეების განმავლობაში ისმოდა პრეზიდენტის კიდევ ერთი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის მხრიდანაც.