25 აპრილი 2024,   06:20
ვრცლად
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს დაწესებას, რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისა და სადაზღვევო მომსახურების აკრძალვას გეგმავს

რუსული გაზის თითქმის 1/3 32,6 მილიონი კუბური მეტრი დღეში, ევროპას უკრაინის გავლით აღარ მიეწოდება. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით, ომის გამო, უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე გაზის გამანაწილებელი სადგურის, სოხრავნიკას მუშაობა შეჩერდა. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსულ ჯარებს სწორედ ის ტერიტორიები აქვთ დაკავებული, სადაც ბუნებრივი აირის სადგურებია განთავსებული.

გაზპრომში კი ამტკიცებენ, რომ უკრაინის გავლით ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებას, საფრთხე არ ემუქრება. კომპანიაში აცხადებენ, რომ ყველა მხარესთან აღებულ ვალდებულებებს შეუფერხებლად განახორციელებენ.

რუსეთმა ნავთობრესურსები პოლიტიკური მიზნებისთვის უკვე გამოიყენა. აპრილის ბოლოს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა ბულგარეთსა და პოლონეთს. დანაკლისის შევსებაზე ევროპული ქვეყნები უკვე ზრუნავენ - მაგალითად, ბულგარეთი გეგმავს ბუნებრივი აირი აშშ-დან შეიძინოს.

ის ქვეყნები კი, რომლებიც ამ დრომდე რუსული გაზით მარაგდებიან, მოსკოვის მიერ დადგენილ წესებს ემორჩილებიან. იტალიის პრემიერ მინისტრმა, მარიო დრაგიმ პირდაპირ განაცხადა, რომ გერმანიამ ბუნებრივი აირის საფასური რუსეთს რუბლებში უკვე გადაუხადა. ენერგო მიმართულებით რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტას არ გეგმავენ უნგრეთშიც.

კონკრეტულად ვინ რამდენის გადახდას აპირებს რუსული ნავთობპროდუქტების სანაცვლოდ ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც სერგეი ლავროვი ამბობს, ენერგორესურსების მყიდველი რუსეთს საკმარისად ჰყავს. ვლადიმერ პუტინმა  ხელი უკვე მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც სხვადასხვა ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვას გულისხმობს.

რუსეთის საპასუხოდ, ევროკავშირი ახალი ენერგეტიკული სტრატეგიის მიღებას ცდილობს. ახალი პოლიტიკა რუსულ ენერგომატარებლებზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას გულისხმობს. სანქციების მეექვსე პაკეტში, ერთი პუნქტი, რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას ეხება, მაგრამ ამ საკითხზე შეთანხმება ჯერ ვერ ხერხდება.

უნგრეთი, სლოვაკეთი და ჩეხეთი - ქვეყნები რომელთა ეკონომიკაში რუსული ნავთობპროდუქტების წილი დიდია, ამბობენ რომ ნავთობის იმპორტის აკრძალვა მათთვის დამანგრეველი შედეგების მომტანი აღმოჩნდება. სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ნავთობის ემბარგოს დაწესებას, რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისა და სადაზღვევო მომსახურების აკრძალვას გეგმავს.

დღის ამბები