03 ივლისი 2022,   22:32
ვრცლად
ლარის კურსი სავალუტო ჯიხურებში ფსიქოლოგიურ ნიშნულს ჩამოსცდა - რამდენი ლარი ღირს დღეს 1 აშშ დოლარი და რას უკავშირებენ ექსპერტები ლარის გამყარებას

რეგიონში მიმდინარე ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების მიუხედავად, ლარი მყარდება. ეროვნულმა ვალუტამ, ფსიქოლოგიური, 3.0 ნიშნული გაარღვია და დღეს ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში 1 დოლარი 2.99 ლარზე ჩამოვიდა. 

2.9962-ია ბლუმბერგის კურსიც დღეს 18:00 საათისთვის. რაც შეეხება ოფიციალურ კურსს, ის შაბათ-კვირას არ იცვლება და ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს, საქართველოს ეროვნული ბანკი ორშაბათს 17:00 საათზე განაახლებს. 

ამ დროისთვის კი ეროვნული ბანკის მიერ ბოლოს დადგენილი ლარის კურსი, პარასკევს გამართული ვაჭრობის შედეგად, 3.0129 ლარია.

როგორც ეკონომიკის ექსპერტი ვახტანგ ჭარაია, "რუსთავი 2-თან" საუბრის დროს აღნიშნავს, ლარის გამყარება ფაქტორების კომპლექსური ერთობლიობაა.

"ლარის გამყარება მნიშვნელოვნად უკავშირდება მრავალ ფაქტორს, როგორიცაა ექსპორტის ზრდა, ინვესტიციების დასტაბილურება, მარაგების შემოტანა, უამრავი ფულადი გზავნილი და ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური სტაბილურობა. 

მცირეოდენი გამყარება კიდევ მოსალოდნელია და ეს ასე გაგრძელდება, თუმცა წინასწარ იმის პროგნოზირება, რა ნიშნულამდე გაგრძელდება, რთულია.

ლარი, წელიწადზე მეტია, 3 ლარიან ნიშნულს გადაცდენილია და ზუსტად ამას ნიშნავს ფსიქოლოგიური ნიშნული, დღევანდელი კურსი კი რაღაც პოზიტიურ იმედებს აჩენს საზოგადოებაში. გარკვეული სტაბილურობის შეგრძნება ნამდვილად არის, შესაბამისად, რაღაც კრიტიკული და უარყოფითი წინ არ გველის. 

ეს არ არის რაიმე ტიპის ისეთი მოვლენა, რაც ცალსახად გამორიცხავს სამომავლო ნეგატიურ მოვლენებს, თუმცა საზოგადოებისთვის ეს სტაბილურობის განცდას ბადებს და ასევე ბიზნესისთვისაც კარგია. 

ეს კურსი, რომელიც დღეს სავალუტო ჯიხურებშია, სავალუტო ბირჟაზე ორშაბათს აუცილებლად აისახება. ჩვენს შემთხვევაში, გაცვლითი კურსი, რომელსაც ეროვნული ბანკი აყალიბებს, არის სწორედ რეალურ პირობებში კურსის გასაშუალოებული მაჩვენებელი. შესაბამისად, თუ ლარს ექნება ის ტენდენცია, რომ მყარდება, რა თქმა უნდა, ოფიციალური კურსიც დაეწევა," - აცხადებს ვახტანგ ჭარაია. 

დღის ამბები