25 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
როგორ აპირებს დასავლეთი შავი ზღვის პორტებში ბლოკირებული მარცვლეულის გატანას

დასავლეთი ცდილობს მოძებნოს გამოსავალი იმ მარცვლეულის ტრანსპორტირებისთვის, რომელიც შავი ზღვის პორტებშია ბლოკირებული. ხორბლით და ქერით სავსე ტვირთი კრემლის გამო ვერ ხვდება დანიშნულების ქვეყნებში. ეს საკუთარი თვალით ნახა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა. შარლ მიშელი ამბობს, რომ ოდესის პორტში რუსების მიერ უკიდურესად საჭირო საკვების გაჩერება, მოწყვლადი ქვეყნებისთვის დრამატული შედეგების მომტანია. ამ შედეგის თავიდან ასაცილებლად, ევროპა ბლოკირებულ მარცვლეულს ევროკავშირის ინფრასტრუქტურის გამოყენებით გაიტანს.

ევროკომისია სატრანსპორტო კომისიებს მოუწოდებს, სატვირთო ავტომობილების მობილიზება უზრუნველყონ. ასევე, ევროკომისია საკუთარ თავზე იღებს, რომ უკრაინაში გაგზავნილმა სატვირთოებმა საზღვრის კვეთისას გამარტივებული პროცედურებით ისარგებლონ. 20 მლნ ტონა მარცვლეულის დანიშნულების ადგილზე მიტანას დასავლეთი სამ თვეზე ნაკლებ დროში გეგმავს.

რუსეთ-უკრაინის ომის გამო გაზრდილია ტვირთები საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში. ამაზე პარლამენტში ისაუბრა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ. გურამ გურამიშვილის ინფორმაციით, ყაზახეთმა საქართველოზე გამავალი დერეფნით ნავთობის გადაზიდვა უკვე დაიწყო. მისი თქმით, ასევე იგეგმება სხვადასხვა მშრალი და ნაყარი ტვირთის გადაზიდვაც. ქართული მხარის მოლოდინია, რომ დერეფანში 40-50 ათასით გაიზრდება კონტეინერების რაოდენობა. ოფიციალური თბილისის განმარტებით, ეს ძირითადად იქნება ცენტრალური აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთები და ამ პროცესში გამოყენებული იქნება საქართველოს და ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალიც.

საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო. მაისში ექსპორტის უდიდესი წილი თურქეთში გავიდა, ნაწილი კი სომხეთში. მაისში დაგეგმილია 322.4 მლნ კვტ/სთ-ის გატანა, რაც 2021 წლის მაისის მაჩვენებელზე  თითქმის 5ჯერ მეტი იქნება. საექსპორტო თვედ ასევე მოიაზრება ივნისიც. სულ, წელს თითქმის 565 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის ექსპორტი იგეგმება. შეგახსენებთ, რომ თურქეთმა საქართველოს, ელექტროენერგიის ექსპორტის კვოტა გაუზარდა. მაისის თვის კვოტა, რომელიც 150 მეგავატი იყო, 75 მეგვატით გაიზარდა.

რაც შეეხება ლარის კურსს რეგიონში შექმნილი ვითარების ფონზე და საქართველოს ეკონომიკის მაჩვენებელს.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი 11 პროცენტი დატოვა. უწყების განმარტებით, ბოლო პერიოდში ინფლაციური წნეხის შემცირების მიმართულებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ლარის კურსის გამყარებაა. ეროვნული ბანკის ახლანდელი პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ინფლაციის დონე სამიზნე 3%-ზე მაღალი იქნება, თუმცა გამკაცრებული პოლიტიკის ფონზე, ამჟამად არსებულ 12.8%-ზე დაბლა ჩამოვა. უწყება მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას იქამდე დატოვებს, სანამ ინფლაცია მაღალი იქნება. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე 30 მარტს გაზარდა. შემდეგი სხდომა 22 ივნისსაა ჩანიშნული.

ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური ზრდის პროგნოზსაც გადახედა. უწყება ელოდება, რომ წელს საქართველოს ეკონომიკა 4.5%-ით გაიზრდება. წინა პროგნოზი, რომელიც სებ-მა 30 მარტს გამოაქვეყნა 3-4%-ის ფარგლებში ითვალისწინებდა ზრდას. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე კი, ეროვნული ბანკი 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდა. პროგნოზს გადახედა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მაც. Moody’s წელს საქართველოში 3.8%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება, რაც ორგანიზაციის მიერ ომამდე გაკეთებულ პროგნოზზე თითქმის ორჯერ ნაკლებია.

და ბოლოს საკითხი პენიების გაცემის შესახებ და კითხვას ვინ დაარიგებს პენსიას? - ბანკის შესარჩევად სატენდერო წინადადებების მიღება, რომელიც 11 მაისს დაიწყო, დღეს სრულდება. ბანკს 2 კრიტერიუმით შეარჩევენ. პირველი, უპირატესობა მიენიჭება მას, ვინც პენსიას უფრო იაფად დაარიგებს და მეორე, გადამწყვეტი კრიტერიუმი - სახელმწიფო შეარჩევს იმ ბანკს, რომელიც ტენდერში ყველაზე დაბალ საპროცენტო განაკვეთს დააფიქსირებს. გამარჯვებული ბანკი პენსიონერებს 2023 წლის 1 იანვრიდან 2029 წლის 1 იანვრამდე მოემსახურება.

დღის ამბები