05 ივლისი 2022,   03:45
ვრცლად
CS Victims: Credit Suisse-ის ახალი "ანტირეკორდი" და პოლიტიკური ზეწოლის კამპანიის გაგრძელება

Credit Suisse-ი დადგენილი ნორმებისა და სტანდარტების დარღვევით, კვლავ უარს ამბობს გერნსის ტრასტის მეშვეობით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მითითებების შესრულებაზე. უკვე გასაჯაროვდა დეტალები 4 მარტს ტრასტიდან თანხის გაცემის უსაფუძვლო დაგვიანების შესახებ, რომელიც არ განხორციელებულა 4 აპრილამდე და რომელიც ახლა ბენეფიციარების სარჩელის საგანია, - ამის შესახებ The Associated Press-ი წერს.

"11 და 14 აპრილს დამატებითი ინსტრუქციები გაიცა და მეურვემ კიდევ ერთხელ გადადო გადახდა ყოველგვარი სათანადო დასაბუთებისა და არგუმენტებზე დაფუძნებული განმარტების გარეშე. კლიენტი კვლავ პასუხობდა მეურვის შეკითხვებს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის 29 აპრილის პასუხზე; თუმცა, მეურვემ ახალი „ანტირეკორდი“ დაამყარა ტრასტის პირობებისა და ბენეფიციარების ძირითადი უფლებების უხეში დარღვევით.

მეურვე არასათანადოდ მას შემდეგ მოიქცა, რაც ბერმუდის უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო CS Life-ის წინააღმდეგ (Credit Suisse-ის სრულ საკუთრებაში არსებული შვილობილი კომპანია) და მას დაავალა მოსარჩელეებისთვის 600 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა. სექტემბერში დაგეგმილია სასამართლო პროცესი სინგაპურის სასამართლოში Credit Suisse-ის მიერ დანიშნული მეურვეების ქმედებების შედეგად 800 მილიონ დოლარზე მეტი ზარალის მიყენების თაობაზე.

"ის ფაქტი, რომ გერნსში Credit Suisse-ის შვილობილმა კომპანიამ ვერ შეასრულა 11 აპრილის ინსტრუქციები, ბანკის ქცევის მოდელზე მიუთითებს, რომელიც არ ემსახურება ბენეფიციარების ინტერესებს და არღვევს შესაბამის სტანდარტებს. უფრო მეტიც, ეს გვაფიქრებინებს, რომ Credit Suisse-ი ცდილობს გამოიყენოს პოლიტიკური ზეწოლა, როგორც საშუალება, რათა შელახოს ბ-ნი ივანიშვილის რეპუტაცია და ზუსტად ასე უნდა იყოს ეს კვალიფიცირებული. სამწუხაროდ, ჩვენ აღარ ვართ გაკვირვებულნი ამ ქმედებებით, თუ გავითვალისწინებთ Credit Suisse-ის ურთიერთობების ისტორიასა და სასამართლო პროცესებს, რომელსაც კლიენტი აწარმოებს სხვადასხვა იურისდიქციაში. ექსტრაორდინარულად მიგვაჩნია ის, რომ Credit Suisse-ი განაგრძობს თავისი მოვალეობების შეუსრულებლობასა და კლიენტების უპატივცემულობას, როდესაც ბანკი ამდენი პრობლემის წინაშე დგას. ეს კიდევ ერთი შეფერხება ყოველგვარი საფუძვლისა და დამაჯერებელი მიზეზების გარეშე არ წარმოადგენს გამონაკლისს Credit Suisse-ის ქცევის მოდელში და კლიენტის უფლებების დარღვევა ბანკის ერთადერთი შეცდომა არ არის," - აცხადებს ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი.

მაშინ, როდესაც Credit Suisse-ი ახალი "ანტირეკორდის" დამყარების პროცესშია, ისიც უნდა ითქვას, რომ Credit Suisse-ის მიერ კლიენტის უფლებების დარღვევა შვეიცარიის სასამართლოებში გრძელდება. სასამართლოების ასეთი ჩართულობის გამო, Credit Suisse-ის ვალდებულება კლიენტისთვის ვალის დაფარვის შესახებ შეუსრულებელი დარჩა არა 36 დღის, არამედ 36 თვის განმავლობაში. ოთხშაბათს დამატებითი მასალა გამოქვეყნდება, რომელიც დეტალურად აღწერს, თუ როგორ იყენებს Credit Suisse-ი სასამართლო სისტემას დადგენილი საკანონმდებლო ნორმებისა და საბანკო სტანდარტების დარღვევისთვის," - აღნიშნულია სტატიაში.

დღის ამბები