19 აპრილი 2024,   20:42
ვრცლად
უკრაინის დახმარების 40 მილიარდიანი პაკეტის მისაღებად პროცედურა აშშ-ის სენატში დღესაც გაგრძელდა - საკითხი რესპუბლიკელებში სერიოზულ უთანხმოებას იწვევს

უკრაინის დახმარების 40 მილიარდიანი პაკეტი, რომლის მისაღებად პროცედურა სენატში დღესაც გაგრძელდა, რესპუბლიკურ პარტიაში, სერიოზულ უთანხმოებას იწვევს.

11 რესპუბლიკელი სენატორი, უკრაინის 40 მილიარდიან დახმარებაზე დებატების დაწყებასაც შეეწინააღმდეგა. პარტიის ამ გუნდში თვლიან, რომ უკრაინაზე წინ ამერიკა და მისი პრობლემები უნდა იდგეს.

პროექტი,ქვედა პალატამ უკვე დაამტკიცა, სენატში კი მისი სწრაფი მიღება რესპუბლიკელმა რენდ პოლმა დაბლოკა. კენტუკელი სენატორი რენდ პოლი დღეს კიდევ ერთხელ შეეცადა აეხსნა კონგრესისთვის, რომ უკრაინის 40 მილიარდიანი დახმარებით, ამერიკას ზედმეტი ვალი ემატება.

"40 მილიარდი დოლარის შესაგროვებლად, თითოეულმა სენატორმა 400 მილიონი დოლარი უნდა გაიღოს. ნაკლებად სავარაუდო სცენარია. გაცილებით ადვილია დახარჯო ასეთი ოდენობის თანხა, თუ სხვის ფულს ხარჯავ. ამერიკის ვალი 30 ტრილიონ დოლარს უახლოვდება. მხოლოდ ბოლო 2 წელიწადში, ამ ვალს, თითქმის 6 ტრილიონი დავუმატეთ. ინფლაცია მძვინვარებს, პროდუქტების ფასი ტვირთად აწევს მომსახურე კლასს და ღარიბებს. ბენზინის ფასი კი 5 დოლარს აღემატება," - განაცხადა რენდ პოლმა.

თანაგუნდელთა ამ ნაწილის პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმება რესპუბლიკური პარტიის ელიტა და ცდილობს პარტიის ტრადიციული საგარეო პოლიტიკა გაატაროს. ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯი იყო უმცირესობის ლიდერის, მიჩ მაკკონელის უკრაინაში ვიზიტი და პრეზიდენტ ზელენსკისთვის მხარდაჭერის დადასტურება. მაკკონელი ვაშინგტონში გუშინ ღამით დაბრუნდა და დღეს სენატში გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი უკრაინის დახმარება, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის.

"შეერთებული შტატები, როგორც უკრაინის მხარდამჭერი, მეგობრების გვერდით იდგება, ვიდრე არ გაიმარჯვებენ. უკრაინა არავის სთხოვს მათ ნაცვლად იომონ. ისინი მხოლოდ დახმარებას და თავდაცვისთვის საჭირო რესურსებს ითხოვენ. მეგობრები და პარტნიორები, თავისუფალი სამყაროში, გამარჯვებამდე მათ გვერდით ვიქნებით. თუ ჩვენ ჩინეთთან გრძელვადიან სტრატეგიულ კონკურენციაში შევფერხდებით, ჩვენს მხარეს მყოფი სტაბილური, უსაფრთხო და ძლიერი ევროპა დაგვჭირდება,"- აღნიშნა მიჩ მაკკონელმა.

სენატორების, ლინდსი გრემის და რიჩარდ ბლუმენტალის ინიციატივას, ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში რუსეთის დამატების შესახებ, ზედა პალატაში მხარდამჭერები ემატება. ამ სიაში რუსეთის შეყვანის შესახებ, დღეს, სენატორმა პორტმანმაც ილაპარაკა.

ამერიკის კანონმდებლობაში სპეციალური განსაზღვრება გვაქვს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ტერორიზმს ეხმარებიან. ამას "ტერორიზმის სპონსორ სახელწმფოს" ვუწოდებთ. ჩემი შეხედულებით, რუსეთმა ეს სტატუსი მოიპოვა. ჩვენ ამას სენატში კენჭი უნდა ვუყაროთ და კიდევ მეტად მოვახდინოთ რუსეთის იზოლირება, - განაცხადა რობ პორტმანმა.

სენატი მზად არის, ამერიკა იყოს პირველი ქვეყანა, რომელიც ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირებას მოახდენს. ვაშინგტონში ამბობენ, რომ ბლოკში ჩრდილოეთ ევროპის მდიდარი ქვეყნების შემოსვლა, რომლებსაც კარგად აჭღურვილი და გაწვრთნილი შეიარაღებული ძალები ჰყავთ, ალიანსისთვის და ევროპული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება. ჰელსინკისთვის და სტოკჰოლმისთვის პრობლემას არც თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ის დახარჯვა წარმოადგენს. ცივი ომის დროს შვედეთის ხარჯი 4%-საც აღწევდა.

შვედეთის ელჩმა ვაშინგტონში კარინ ოლოფსდოტერმა თქვა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის და 2014 წელს ყირიმის ანექსიის დროს, მათ სხვა რუსეთი ნახეს და უსაფრთხოების პოლიტიკის განახლების იდეა მას შემდეგ აქტუალური გახდა

დღის ამბები