04 ივლისი 2022,   15:31
ვრცლად
"აზოვსტალიდან" გამოსულ უკრაინელ სამხედროებს შორის მაღალი რანგის მეთაურები არ არიან - რუსული მედია

"აზოვსტალიდან" გამოსულ უკრაინელ სამხედროებს შორის მაღალი რანგის მეთაურები არ არიან. ამის შესახებ რუსული მედია დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის მეთაურზე ,დენის პუშილინზე დაყრდნობით წერს.

"ამ მომენტისთვის უმაღლესი რანგის მეთაურები არ არიან. ისინი არ გამოსულან. მაგრამ ეს ჯერჯერობით," - განაცხადა პუშილინმა.

დონეცკის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, "აზოვსტალის" ქარხანა თითქმის 1000-მდე უკრაინელმა მებრძოლმა დატოვა.

პუშილინი აცხადებს ასევე, რომ უკრაინელი მებრძოლების ბედი სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს. 

გუშინ, სახელმწიფო დუმაში წარმოადგინეს ინიციატივა, რომლის თანახმადაც "ნაცისტი დამნაშავეების გაცვლა კანონით უნდა აიკრძალოს".

ზოგიერთი რუსული ტელეგრამარხი წერს იმასაც, რომ თუ "აზოვის" ბატალიონის ლიდერებს ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კანონების მიხედვით გაასამართლებენ, მათ სიკვდილით დასჯა ემუქრებათ. ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკას არ მოუხდენია ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის რატიფიცირება, რომელიც სიკვდილით დასჯის გამოყენებაზე მორატორიუმს ითვალისწინებს. მარიუპოლის დამცველების უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული ე.წ. რესპუბლიკების სასამართლოებში გასამართლებას ითხოვს რუსეთის დუმის დეპუტატთა ნაწილიც.

შეგახსენებთ, 16 მაისს, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპანტებმა "აზოვსტალში" მყოფ უკრაინელ მებრძოლებთან მიაღწიეს შეთანხმებას, დაჭრილი ჯარისკაცებისთვის დერეფნის გახსნაზე, საოკუპაციო რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე ნოვოაზოვსკის მიმართულებით.

ამის შემდეგ, "აზოვის" მეთაურმა დენის პროკოპენკომ ("რედის") განაცხადა, რომ "მარიუპოლის მთელი გარნიზონისთვის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს."  პროკოპენკომ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ არცერთი იარაღი არ იმუშავებს პროფესიონალურად მომზადებული სამხედრო პერსონალის გარეშე და სწორედ ეს აქცევს სამხედრო პერსონალს ჯარის ყველაზე ღირებულ ნაწილად.

17 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. თავდაცვის უწყების თანახმად, 16 მაისს 53 მძიმედ დაჭრილი აზოვსტალიდან სამედიცინო დახმარებისთვის ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. კიდევ 211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით გადაიყვანეს იელენოვკაში და  მათი შემდგომი დაბრუნებისთვის გაცვლის პროცედურა განხორციელდება.

არსებული ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროების მარიუპოლის ქარხანა "აზოვსტალიდან" გამოყვანის ოპერაცია გრძელდება. დღეს "როიტერსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ "აზოვსტალის" ტერიტორია კიდევ 7 ავტობუსმა დატოვა, რომელშიც უკრაინელი მებრძოლები იყვნენ.

მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებიან სპეციალური დანიშნულების რაზმი "აზოვი", ეროვნული გვარდიის მე-12-ე ბრიგადა, საზღვაო ქვეითთა 36-ე ბრიგადა, მესაზღვრეები, პოლიციელები, მოხალისეები და მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები. ისინი ქალაქს ომის დაწყების დღიდან იცავენ, თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარე დახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა.

დღის ამბები