რამდენიმე საათში თეთრ სახლში ფინეთის პრეზიდენტს და შვედეთის პრემიერს ელოდებიან. NATO-ში გაწევრიანების მსურველი ქვეყნების მეთაურები, ჯო ბაიდენმა მოიწვია, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ერთ დროს მიუმხრობელი სახელმწიფოების გადაწყვეტილებას მიესალმა, მათ განაცხადს ისტორიული უწოდა და თქვა, რომ იმუშავებს კონგრესთან და ნატოელ მოკავშირეებთან, რათა ალიანსში გაწევრიანების პროცესი სწრაფი იყოს.
"შვედეთმა და ფინეთმა, თითოეულ ქვეყანაში საფუძვლიანი და ინკლუზიური დემოკრატიული პროცესების შემდეგ, ნატოში გაწევრიანების მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, ნატო მილიარდი ადამიანის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. გაერთიანებულია დემოკრატიული პრინციპების და ევროპასა და მსოფლიოში მშვიდობის და კეთილდღეობის შესახებ ერთგულების გარშემო. ნატოს და მეხუთე მუხლის მიმართ ჩემი ერთგულება ურყევია," - აცხადებს ოფიციალური ვაშინგტონი.
ვაშინგტონის მზადყოფნა, დააჩქაროს შვედეთის და ფინეთის ალიანსში გაწევრიანება, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე, პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიქ სალივანმაც დაადასტურა.
"სამომავლო მოქმედების კოორდინირებისთვის, პრეზიდენტი ფინეთის პრეზიდენტს და შვედეთის პრემიერ-მინისტრს თეთრ სახლში მიიღებს. სამ ლიდერს ასევე ექნება საშუალება, გაცვალოს პოზიციები, ჩვენს საერთო ძალისხმევასთან დაკავშირებით, რუსეთის სასტიკი შეჭრის წინააღმდეგ თავის დასაცავად, უკრაინის დასახმარებლად. პრეზიდენტი მოუთმენლად ელის ნატოელ მოკავშირეებთან და კონგრესთან მუშაობას, გაწევრიანების სწრაფი პროცესის თაობაზე," - აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიქ სალივანი.
შეერთებული შტატები უკვე მუშაობს ნატოელ მოკავშირე თურქეთთან, რომელიც ალიანსში შვედეთის და ფინეთის გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ანკარა ირწმუნება, რომ ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოები ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერენ მხარს და თურქეთს უსაფრთხოების თვალსაზრისით, ლეგიტიმური წუხილი აქვს. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც დღეს ამერიკის სახელმწიფო მდივანს ნიუ იორკში შეხვდა, თქვა, რომ მისი მიზანია, განსხვავებები დიალოგის და დიპლომატიის გზით დაიძლიოს.
"დიახ, ვხედავთ საფრთხეს ჩვენს რეგიონში. თურქეთი ნატოს ღია კარის პოლიტიკას ომამდეც მხარს უჭერდა. თუმცა ამ შესაძლო თუ უკვე კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით, ლეგიტიმური წუხილი გვაქვს უსაფრთხოების თვალსაზრისით, რომ ისინი ტერორისტულ ორგანიზაციებს უჭერენ მხარს. ასევე არსებობს თავდაცვითი პროდუქციის ექსპორტზე შეზღუდვები. ჩვენ ჩვენს წუხუილს გამოვხატავთ. მე ენთან და პეკასთან ბერლინში გულწრფელი საუბარი მქონდა. გვესმის მათი წუხილი უსაფრთხოების კუთხით, თუმცა თურქეთის უსაფრთხოების წუხილიც გათვალისწინებული უნდა იყოს. ამ საკითხზე უნდა გავაგრძელოთ მსჯელობას ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან, მათ შორის, შეერთებულ შტატებთან," - ამბობს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ.
შვედეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში, განაცხადა, რომ თურქეთთან უთანხმოების განსახილველად, სტოკჰოლმიდან ანკარაში დელეგაცია მიემგზავრება. დიპლომატი დარწმუნებულია, რომ უთანხმოება, დაძლეული იქნება.
რაც შეეხება პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებას, რომ იმუშავებს კონგრესთან სწრაფი გაწევრიანების შესახებ, ამ საკითხს, კონგრესში არანაირი შეფერხება არ უნდა შეხვდეს. სენატში უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ამერიკა იყოს პირველი ქვეყანა, რომელიც შვედეთის და ფინეთის გაწევრიანების რატიფიცირებას მოახდენს.