უკრაინაში მომხდარი ომის დანაშაულებების დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლა - ამ სათაურით რეზოლუცია ევროპარლამენტმა მოამზადა. დოკუმენტში საუბარია რუსეთის ისეთ ქმედებებზე, რომელიც ყველა საერთაშორისო ნორმას არღვევს.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ყველა სათანადო ორგანოს, დაეხმაროს უკრაინას დანაშაულებების გამოძიებასა და პუტინის რეჟიმის დასჯაში, ვინაიდან ევრო კანონმდებლების შეფასებით სწორედ ვლადიმერ პუტინია ყველა დანაშაულზე პასუხისმგებელი პირი.
პარალელურად, ევროპარლამენტმა მწვანე შუქი აუნთო გაუგრძელდეს მანდატი Euro Just-ს, და მას ახალი ფუნქცია დაემატოს. ორგანიზაციას შეეძლება შეინახოს მტკიცებულებები და ფაქტები, რათა მასალებთან წვდომა სამომავლოდ ყველა სასამართლოს ჰქონდეს. გადაწყვეტილება ევროდეპუტატებმა კენჭისყრაზე ცოტა ხნის მიიღეს.
ასევე, კენჭისყრამდე სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები გაკეთდა და ევროდეპუტატებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები კიდევ ერთხელ დაგმეს. ევროპარლამენტარებმა სიტყვა გენოციდი არა ერთხელ ახსენეს.
"ადამიანები, რომლებიც ჩადიან სისასტიკეებს უკრაინაში უნდა იყვნენ პასუხისგებაში ამ დანაშაულებისთვის. კომისიის მიზანია, უკრაინაში ჩადენილი დანაშაულები იყოს გამოძიებული და დამნაშავეებს დაეკისროთ შესაბამისი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ასევე გვაქვს კონტაქტი უკრაინის იუსტიციის მინისტრთან და პროკურორთან, რათა ვნახოთ რას მოითხოვს უკრაინის ხელისუფლება, სისხლის სამართლის გამოძიების ჩასატარებლად. მოხარული ვარ, რომ 11-მა წევრმა ქვეყანამ ასევე დაიწყო გამოძიება უკრაინაში ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებთან დაკავშირებით. Euro Just-მა ასევე გააძლიერა თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რომელიც ახლა სრულად არის ჩართული ერთობლივი გამოძიების ჯგუფში, რაც პირველი შემთხვევაა სასამართლოს ისტორიაში,” - განაცხადა ევროკომისარიმა იუსტიციის საკითხებში, დიდიე რეინდერსმა.
ევროპარლამენტარი ლიეტუვიდან რასა იუკნევიჩიანე ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინი და ალექსანდრ ლუკაშენკო პასუხისგებაში უნდა მიეცენ და გასამართლდნენ სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ. ის მოუწოდებს ევროკომისიას, მხარი დაუჭირონ ყოველგვარი შეფერხების გარეშე შექმნას ასეთი ტრიბუნალი.
"ამ აღმაშფოთებელი დანაშაულებისთვის არამხოლოდ ჯარისკაცები უნდა დაისაჯონ, არამედ რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური ლიდერები და სამხედრო მეთაურებიც, ისევე როგორც მათი მოკავშირეები. ასევე, პრეზიდენტი პუტინი და მისი რწმუნებული ლუკაშენკო პასუხისგებაში უნდა მიეცნენ და გასამართლდნენ სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის მიერ. ამიტომ მოვუწოდებთ ევროკავშირის ინსტიტუტებს, განსაკუთრებით ევროკომისიას, მხარი დაუჭირონ, ყოველგვარი შეფერხების გარეშე შექმნას ასეთი ტრიბუნალი და რაც შეიძლება მალე იყოს უზრუნველყოფილი ყველა საჭირო რესურსი და მხარდაჭერა ამ ტრიბუნალის შესაქმნელად. არ გაიმეოროთ ისტორიის შეცდომები," - ამბობს რასა იუკნევიჩიანე.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ რუსეთი ამ ომში უნდა დამარცხდეს და დანაშაულის ჩამდენი პირები დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ, მათ შორის არც გადაწყვეტილების მიმღები ადამიანები.
"ჩვენ ვიცით ყველა სისასტიკის შესახებ, რომელიც ხდება უკრაინაში ამ საშინელი შეჭრის დროს, რომელიც არის ომის შემდეგი ეტაპი, რომელიც დაიწყო 2014 წელს. რუსეთი ამ ომში უნდა დამარცხდეს და, რა თქმა უნდა, არ დარჩებიან დაუსჯელები ის პირები რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს ომის დანაშაულისთვის, ასევე გადაწყვეტილების მიმღები პირები,“ - აცხადებს ანა ფოტიგა.