25 აპრილი 2024,   14:53
ვრცლად
მოსკოვი აპირებს შეისწავლოს ვიქტორ მედვედჩუკის "აზოველებში" გაცვლის შესაძლებლობა - ლეონიდ სლუცკი

მოსკოვი აპირებს შეისწავლოს უკრაინის უშიშროების სამსახურის მიერ დაკავებული ვიქტორ მედვედჩუკის უკრაინელ ტყვეებში გაცვლის შესაძლებლობა - ამის შესახებ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების პროცესის წევრმა, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

"ჩვენ შევისწავლით მედვედჩუკის "აზოველებზე" გაცვლის შესაძლებლობას. არა ჩვენ - "ლიბერალ-დემოკრატიული პარტია", არამედ ის ადამიანები მოსკოვში, რომლებსაც ამის უფლებამოსილება აქვთ," - განაცხადა სლუცკიმ შაბათს დონეცკში გამართულ პრესკონფერენციაზე "ინტერფაქსის" კითხვის პასუხად.

მარიუპოლში "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი უკრაინელი სამხედროები ქალაქს ომის დაწყების დღიდან იცავდნენ, თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარე დახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა.

გავრცელებული ინფორმაციით, "აზოვსტალი" ამ დროისთვის ყველა მშვიდობიანმა მოქალაქემ და სამხედრომ დატოვა. კიევი მიმდინარე პროცესს სამხედროების გადარჩენის ოპერაციას უწოდებს, ოფიციალური მოსკოვი კი უკრაინელი მებრძოლების ტყვედ ჩაბარებას და ირწმუნებიან, რომ პოლკ "აზოვის" მეთაურობაც ტყვედ ჩაბარდა.

უკრაინელი სამხედროები გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელსაც ოფიციალური კიევი ვერ აკონტროლებს, თუმცა უკრაინული მხარე იმედოვნებს, რომ პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ლიდერების მონაწილეობა რუსეთს იძულებულს გახდის შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და უკრაინელი ჯარისკაცები უკრაინას გადასცეს.

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი და პრორუსული პარტიის "ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის" – ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი  ბრალდებულია სახელმწიფო ღალატსა და ეროვნული რესურსების ძარცვის მცდელობაში, ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში დახმარებაში.  მას 2021 წლის მაისიდან შინაპატიმრობა ჰქონდა შეფარდებული. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს მედვედჩუკი შინაპატიმრობიდან მიიმალა. უკრაინის უშიშროების ცნობით, მედვედჩუკი  ქვეყნის დატოვებას აპირებდა, როცა აპრილის თვეში იგი დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა მედვედჩუკმა მოგვიანებით მიმართვა გაავრცელა და უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს მიმართა თხოვნით, რომ მარიუპოლის დამცველებსა და იმ მოსახლეობაში გაცვალონ, რომელთაც ჰუმანიტარული დერეფნებით სარგებლობის საშუალება არ აქვთ.

მედვედჩუკს უკრაინული და დასავლური მედია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის უახლოეს მოკავშირედ ასახელებს. ვლადიმირ პუტინს მონათლული ჰყავს მედვედჩუკის უმცროსი შვილი დარია.

დღის ამბები