25 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
საქართველოს პრემიერ- მინისტრის შეხვედრები ევროპის პოლიტიკურ ლიდერებსა და ბიზნესის წარმომადგენლებთან - რა თემები განიხილეს მხარეებმა   

დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე ყოფნის ფარგლებში საქართველოს პრემიერ მინისტრი ევროპის არაერთ პოლიტიკურ ლიდერსა და ბიზნესის წარმომადგენელს შეხვდა. მათ შორის იყვნენ ლიეტუვის პრეზიდენტი, მოლდოვის პრემიერი, ეუთოს გენერალურ მდივანი და იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარე. თუ რა თემები განიხილეს მხარეებმა - შეხვედრის შესახებ მონაწილეებმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

"დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ხაზი გავუსვი იმ ფაქტს, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას," - წერს გიტანას ნაუსედა twitter-ში.

ლიეტუვის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მან ირაკლი ღარიბაშვილს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილის მოკლე დროში შევსება მიულოცა, რითაც კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა ევროკავშირისკენ. 

საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შესახებ twitter-ის გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა მოლდოვის პრემიერ-მინისტრმაც. 

"შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან განვიხილეთ ჩვენი ხალხის სწრაფვა ევროპისკენ და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები," - წერს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი, ნატალია გავრილიცა. 

ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრის შემდეგ განცხადება დაწერა საქართველოს პრემიერ მინისტრმაც. ირაკლი ღარიბაშვილი წერს, რომ ​ჰელგა შმიდთან ნაყოფიერი საუბარი შედგა.

"ნაყოფიერი საუბარი მქონდა ეუთოს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან ისეთ გადამწყვეტ დროს, რომელიც ჩვენს რეგიონსა და საერთო ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას უდგას. ვაფასებთ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ფასეულ მონაწილეობას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმეში," - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.  

ლიბერალიზაციის ხელშეწყობისა და დაცვის შესახებ იაპონიასა და საქართველოს შორის გაფორმებული შეთანხმების დადებით ეფექტზე საუბრობს ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის განვითარების ბანკის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრის შესახებ. სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ შეთანხმება იაპონელ ინვესტორებს აფიქრებინებს საქართველოში კაპიტალდაბანდებაზე

დღის ამბები