რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან კითხვებისთვის ემზადება საპარლამენტო უმრავლესობა. ირაკლი ქარსელაძე საკანონმდებლო ორგანოში "მინისტრის საათის" ფორმატში ელოდებიან.
"ქართულ ოცნებაში" ზოგადად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუშაობას დადებითად აფასებენ. მინისტრთან კი აპირებენ გაარკვიონ, რა ინფრასტრუქტურული სამუშაოები კეთდება ქვეყანაში კასპიის ზღვის რეგიონთან დასაკავშირებლად. ყურადღება გამახვილდება საოკუპაციო ხაზთან ახლოს ამ მიმართულებით არსებულ მდგომარეობაზეც.
"მაინტერესებს როგორც კომისიის თავმჯდომარეს, ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს, რა კეთდება ოკუპაციის ხაზთან დასახლებების, სოფლების, კონკრეტული პირების სოციალური, ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სხვა შეკითხვებიც იქნება. რასაკვირველია, ინფრასტრუქტურული პროექტები არის საგანგებო მნიშვნელობის, ვინაიდან, საქართველოს აქვს საგანგებო გეოპოლიტიკური ამოცანა, დააკავშიროს ერთმანეთს კასპიის ზღვის რეგიონი, აზია და ევროპა," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.