18 აპრილი 2024,   08:58
ვრცლად
"სანქციები უნდა დაჩქარდეს, რადგან ჩვენ უკრაინელი ხალხი უნდა დავიცვათ" - რატომ ჭიანურდება რუსეთის მიმართ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმება

იარაღის მიწოდების გაჭიანურებასთან ერთად ვოლოდიმერ ზელენსკი უკმაყოფილოა ევროკავშირში არსებული აზრთა სხვადასხვაობით რუსეთის სანქცირებასთან დაკავშირებით.

ევროპულ ოჯახში ერთ აზრზე შეჯერება უკვე კვირებია ვერ ხერხდება, მთავარი მიზეზი რუსულ ნავთობზე ემბარგოა, რომელსაც უნგრეთი ბლოკავს.

სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით ევროკომისიის მიერ წინადადების წარდგენის შემდეგ უკვე სამი კვირა გავიდა. 

არსებული ინფორმაციით, კვირას, ბრიუსელში საგანგებოდ შეიკრიბებიან ელჩები იმისათვის, რომ მსჯელობა გაიმართოს გამოსავალსა და კონსესუსის შესაძლებლობებზე. სწორედ ამის შემდეგ შესაძლოა გახდეს ცნობილი, რა ბედი ელის სანქციების მეექვსე პაკეტს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლუიჯი დი მაიო მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტი რაც შეიძლება მალე უნდა დააწესოს, რათა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი დაიბლოკოს. 

"მე ვფიქრობ, რომ ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტი რაც შეიძლება მალე უნდა დააწესოს, რათა რუსეთიდან ნავთობის იმპორტი დაიბლოკოს. ამით რუსეთი დაზარალდება და მას ნაკლები ფინანსები ექნება უკრაინაში ომის დასაფინანსებლად. სანქციები უნდა დაჩქარდეს, რადგან ჩვენ უკრაინელი ხალხი უნდა დავიცვათ და მალე მივიყვანოთ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან," - ამბობს ლუიჯი დი მაიო.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის განცხადებით, ნავთობის ემბარგოს საკითხზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. 

"ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ნავთობის ემბარგოს საკითხზე, რადგან გვყავს რამდენიმე წევრი სახელმწიფო, რომელთაც ამ მიმართულებით ტექნიკური პრობლემები აქვთ. მათი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ისინი ნავთობს ზღვიდან ვერ მიიღებენ, მათ ალტერნატიული გზები და ახალი მილსადენები სჭირდებათ. მიმდინარეობს მუშაობა როგორც ტექნიკური გადაწყვეტილებების მისაღებად, ასევე წევრი ქვეყნების სოლიდარობისა და ფინანსური ინვესტიციების კუთხით. ეს ძალიან რთული მექანიზმია და ვიმედოვნებ, რომ პროცესი უახლოეს კვირებში დასრულდება," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლეიენმა.

დღის ამბები