25 აპრილი 2024,   05:25
ვრცლად
მძიმე ბრძოლები უკრაინის აღმოსავლეთით - დაღუპულებს შორის უცხოელი ჟურნალისტებიც არიან

უკრაინაში ომის 97-ე დღესაც ოკუპანტების მთავარი მიზანი დონბასზე სრული კონტროლია, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება მიზანი ლუჰანსკის და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებამდე გასვლაა. 

ყველაზე რთული ვითარება, ამ დროისთვის, ლუჰანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკშია, სადაც ქუჩის ბრძოლები მიმიდინარეობს. ქალაქში სიტუაცია უკიდურესად რთულია. უკრაინული მედიის ცნობით, ოლქში რუსული ძალები წინ წავიდნენ და ცენტრისკენ მიიწევენ. ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა ახლა ორიენტირებულია ქალაქზე კონტროლის დამყარებაზე. გავრცელებული ინფრორმაციით, სევეროდონეცკში ათასობით მოქალაქეა ჩარჩენილი, მათ წყალზე, საკვებზე და მედიკამენტებზე საკმარისი წვდომა არ აქვთ. ქალაქზე შეტევა მიმდინარეობს საჰაერო ბომბებით, არტილერიითა და ტანკებით.

უკრაინელი და უცხოელი ჟურნალისტების ჯგუფს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფთან ერთად, ცეცხლი გაუხსნეს. ვიდეოში ჩანს თუ, როგორ აფეთქდა ჭურვი მედიის წარმომადგენლებისგან რამდენიმე მეტრში, დაიჭრა ერთი ჟურნალისტი და ერთი ჯარისკაცი. ბომბი ჩამოვარდა იმ დროსაც, როდესაც ერთ-ერთი ტელეარხი ადგილობრიოვებთან ინტერვიუს წერდა. სწორედ სევეროდონეცკზე თავდასხმას შეეწირა ფრანგი ჟურნალისტიც, მაშინ, როცა რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ავტომობილს, რომელსაც ევაკუაციის ფარგლებში, მშვიდობიანი მოქალაქეები უნდა გამოეყვანა. ჟურნალისტის გარდაცვალებას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და მომხდარის დაუყოვნებლივი გამოძიება მოითხოვა.

რუსული ძალები უკრაინელი დამცველების ალყაში მოქცევას ცდილობენ. როგორც უკრაინის გენერალური შტაბი ამბობს, სევეროდონეცკის დასავლეთით, დაახლოებით 60 კილომეტრში, ლიმანის რეგიონში, რუსეთი გადაჯგუფების პროცესშია და შეტევისთვის ემზადება.

ოკუპანტები პოზიციების გამყარებას ცდილობენ პოპასნას ირგვლივაც. აქტიურად იბომბება ლუჰანსკის ოლქის კიდევ ერთი ქალაქი ლისიჩანსკი. რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო მანქანას , რის გამოც ოლქში ევაკუაცია შეწყდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 3 მშვიდობიანი მოქალაქე. განადგურებულია საბავშვო ბაღის შენობა.

უკრაინის გენშტაბის თქმით, დაძაბული ვითარებაა, ასევე, დონეცკის რეგიონში, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სადაც რუსული ძალები ნაღმმტყორცნებს, საარტილერიო და სარაკეტო იარაღს იყენებენ. ოკუპანტები უტევენ სლავიანსკსაც. სარაკეტო იერიშის შედეგად, დაიღუპა 3 და დაშავდა 6 ადამიანი. დაზიანებულია ადგილობრივი სკოლა და 7 მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობა კი ზუსტდება.

რაც შეეხება სამხრეთით არსებულ მდგომარეობას, რუსმა სამხედროებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში მიკოლაივში დაბომბეს საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 2 ბავშვი იმყოფებოდა.

რუსული არმია წინსვლას ცდილობს ზაპორიჟიეს ოლქშიც, სადაც ოკუპანტებმა დააზიანეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

რუსული მხარე აცხადებს, რომ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიული ქარხნის მიწისქვეშა გვირაბებში, 152 უკრაინელი სამხედროს ცხედარი აღმოაჩინეს. ამბობენ, რომ ცხედრებს, უახლოეს მომავალში, უკრაინულ მხარეს გადასცემენ.

 

ავტორი : სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები