20 აპრილი 2024,   18:54
ვრცლად
კანონები, რომლებიც ზრდის ძალოვნების უფლებამოსილებას პირად ცხოვრებაში ჩარევისთვის, უნდა შეიზღუდოს - ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს შესახებ

აპირებს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, როგორია დეპუტატების პოზიცია სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო - პრეზიდენტმა თქვა, რომ ის მომდევნო 6 თვის განმავლობაში ვეტოს დაადებს ყველა კანონს, რომელიც არასწორი მიმართულებით იქნება მიღებული.

"რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ეთანხმება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი ცდილობს სახე დაბანოს "ქართულ ოცნებას" და მას ეს არ გამოუვა.

"ვეთანხმები, ასეთი კანონები, რომლებიც ზღუდავს ადამიანის უფლებებს და ზრდის ძალოვნების უფლებამოსილებას პირად ცხოვრებაში ჩარევისთვის - რა თქმა უნდა შეზღუდული უნდა იყოს. პრეზიდენტი ცდილობს სახე დაბანოს "ქართულ ოცნებას", მაგრამ ეს არ გამოუვა", - განაცხადა მანჯგალაძემ.

პარტია "საქართველოსთვის" წევრი, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ ვეტო სწორი იყო, მაგრამ უფრო სწორი იქნებოდა პრეზიდენტს ის წარსულშიც გამოეყენებინა, სხვადასხვა კანონებთან მიმართებით.

"ვეტო იყო რა თქმა უნდა სწორი, მაგრამ გაცილებით უფრო სწორი იქნებოდა გასულ თვეებში ინსპექტორის კანონზე, მოსამართლის დამოუკიდებლობის შემზღუდველ კანონზე და კიდევ არაერთ კანონზე ასევე გამოეყენებინა ვეტოს უფლება და იქაც დაეფიქსირებინა თავისი მკაფიო პოლიტიკური პოზიცია", - ამბობს დაუშვილი.

დღის ამბები