13 აგვისტო 2022,   10:57
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების 28 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო

პრემიერ - მინისტრი დღეს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების 28 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა სპეცსამსახურის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი სპორტული მოედანი, კინოლოგიური სამსახურის ინფრასტრუქტურა და სპორტული დარბაზი დაათვალიერა.

პრემიერს სასწავლო ცენტრის პროექტების შესახებ ინფორმაცია სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ მიაწოდა. დღესვე, სახელმწიფო დაცვის 12 თანამშრომელი მედლებით დააჯილდოვეს.

"გილოცავთ დღევანდელ დღეს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დაარსების დღეს, სამსახურის ხელმძღვანელს, ბატონ ანზორს, მთელ პირად შემადგენლობას. მინდა, თითოეულ მოქმედ თუ ვეტერან თანამშრომელს, პატივცემულ გენერლებს, ოფიცრებს, ყველას მოგესალმოთ და მოგილოცოთ დღევანდელი დღე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, პირველ რიგში, თქვენ, თქვენი სამსახურისთვის, ერთგულებისთვის, რომელსაც იჩენთ თქვენი და ჩვენი სამსახურის მიმართ.

თითქმის სამი ათწლეულია, რაც თქვენ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და სტაბილურობას ემსახურებით. ამ უაღრესად საპასუხისმგებლო მისიის შესრულება ხშირად მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული და პროფესიონალიზმთან ერთად, ქვეყნისა და საქმისადმი თავდადებას მოითხოვს. ამ ბოლო 28 წლის განმავლობაში თქვენ არაერთი სირთულის, მათ შორის, რამდენიმე ტერორისტული აქტის გადატანაც მოგიწიათ. თქვენთან ერთად, კიდევ ერთხელ მინდა პატივი მივაგო სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპული თქვენი მეგობრებისა და კოლეგების ნათელ ხსოვნას. დიდება გმირებს.

სამსახურის ხელმძღვანელობის, თითოეული თქვენგანის მონდომებითა და მთავრობის, ჩვენი გუნდის თანადგომით, დღეისათვის, თამამად უნდა ითქვას, რომ სპეციალური დაცვის სამსახური უმაღლესი დონის, დასავლური სტანდარტების თანამედროვე სამსახურად ჩამოყალიბდა. ამისთვის, კიდევ ერთხელ, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ. ამაზე მეტყველებს თქვენი არაერთი წარმატება საერთაშორისო ტურნირებზე, საიდანაც არასდროს ბრუნდებით საპრიზო ადგილების გარეშე, გაზრდილი საერთაშორისო ურთიერთობები, ინტენსიური ჩართულობა CEPOL-ის ეგიდით განხორციელებულ პროექტებსა და სხვადასხვა საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, ასევე, მისასალმებელია.

ამ წარმატებისა და საერთაშორისო აღიარების დასტურია ის, რომ წელს, ოქტომბერში, პირად მცველთა საერთაშორისო ასოციაციის (APPS) მე-18 კონფერენცია 50-ზე მეტი ქვეყნის მონაწილეობით ჩვენს ქვეყანაში გაიმართება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და თქვენი სამსახურის ცნობადობის ამაღლებისთვის.

ჩვენი საზოგადოების, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახლით, კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ქართული სახელმწიფოს ერთგული მსახურებისათვის. გპირდებით თანადგომას და მომავალ წარმატებებს, კეთილდღეობასა და მშვიდობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები