19 აგვისტო 2022,   21:18
ვრცლად
"არ უთვალთვალებდნენ, არც შეუნიშნავს, არასოდეს არ დადიოდა დაცვით" - მოკლული ქართველი ბიზნესმენის ოჯახი პირველ კომენტარს აკეთებს

სისხლიანი ანგარიშსწორება თბილისში - 20-ზე მეტი გასროლილი ტყვია და 53 წლის მსხვერპლი. ბიზნესმენი ლევან კაჭარავა საკუთარ ავტომობილში მოკლეს. მკვლელობის მიზეზად, პირველადი ინფორმაციით, პირადი უთანხმოება სახელდება.

მოკლულის ოჯახი მომხდართან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. ისინი გამორიცხავენ ვერსიას, რომ ლევან კაჭარავას საქართველოში მტრები ჰყავდა და მკვლელობის მიზეზის ვერსიები არ აქვთ. 

"იყო გასვენებაზე.. თანამშრომელიაო, ასე მითხრეს, მე არ ვიცი," - ამბობს მოკლულის დედა, ელენე კაჭარავა. 

მოკლული ბიზნესმენის დეიდაშვილის, სალომე კობალაძის თქმით, ლევან კაჭარავა ერთ-ერთი საქმიანი შეხვედრიდან საკუთარ საცხოვრებელ სახლში, წყენის მიმართულებით ბრუნდებოდა. ოჯახის ინფორმაციითვე, ამ დროს მასთან ერთად არ იმყოფებოდა პირადი მძღოლი და ის თანამშრომელთან ერთად გადაადგილდებოდა, თუმცა ამ პიროვნებას მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევრები არ იცნობენ. 

"ოჯახს ამ წუთას არანაირი ვერსია არ აქვს კონკრეტული. გუშინდელი ამბის მერე ისეთ თავზარდაცემულები ვართ, რომ ვერც ვფიქრობთ, ვის შეიძლება ასეთი ორგანიზებული დანაშაული ჩაედინა. არ ჰყავს ასეთი კონკრეტული მტერი. ნამდვილად არ უთვალთვალებდნენ, არც შეუნიშნავს, არც პრობლემა არ ჰქონია, არასოდეს არ დადიოდა დაცვით, ჩვეულებრივად ქუჩაში სეირნობისას არანაირი დაცვა არ ჰყოლია. ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი თანამშრომელია, რომელთან ერთადაც წამოვიდა იმ შეხვედრიდან და რომელსაც გამოყვა," - ამბობს ლევან კაჭარავას დეიდაშვილი სალომე კობალაძე.

ამ დრომდე მომხდართან დაკავშირებით დაკავებული არავინ არის, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.  

დღის ამბები