15 აგვისტო 2022,   19:34
ვრცლად
კიევში რუსების მიერ ნასროლი ბომბის შედეგად დანგრეული კორპუსიდან 7 წლის გოგო ამოიყვანეს - მისი მდგომარეობა მძიმეა

ომის დაწყებიდან 123-ე დღეს ოკუპანტებმა მიზანში უკრაინის დედაქალაქი ამოიღეს და 6 რაკეტა ესროლეს. საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას კიევის შევჩენკოვსკის რაიონში მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 4 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი კლინიკებში გადაიყვანეს. ადგილზე დილიდან 22 სამაშველო ბრიგადა მუშაობს. ნანგრევებიდან ადამიანების ამოყვანის ოპერაცია ახლაც გრძელდება.

საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა 7 წლის გოგონაც ამოიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

კიევში ოკუპანტების მიერ ნასროლი კიდევ ერთი რაკეტა საბავშვო ბაღთან ჩამოვარდა. ისიც საცხოვრებელ უბანში. საჰაერო იერიშის შედეგად უკრაინის დედაქალაქში მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ხანძარი გაჩნდა. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.

ოკუპანტები მთელი ღამის განმავლობაში ბომბავდნენ ხარკივს, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი, მათგან ერთი - 9 სართულიანი შენობა სრულად განადგურდა. რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს და გაანადგურეს სალტოვკაში მდებარე სმედიცინო დაწესებულებაც. დილიდან რუსეთის სამიზნე გახდა ვოლინსკის ოლქი და ქალაქი რივნეც. კონტრიერიშებს ახორციელებენ უკრაინელი სამხედროებიც.

ომის მიმდინარეობა, ტრადიციულად, შეაფასა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა 45 რაკეტა ისროლეს მხოლოდ ბოლო 24 საათში, თუმცა, პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ვერცერთი რუსული რაკეტა ვერ გატეხს უკრაინელების სულს.

დღის ბოლოს ოკუპანტებმა იერიში ჩერკასზეც მიიტანეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა საღამოს რაკეტები ისროლეს ოდესაშიც, თუმცა ისინი საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო.

დღის ამბები