20 აპრილი 2024,   09:43
ვრცლად
უკრაინაში გლოვაა - სავაჭრო ცენტრზე განხორციელებულ იერიშს ზელენსკიმ ტერაქტი უწოდა

უკრაინაში გლოვაა. პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუკის მერმა 28, 29 და 30 ივნისი გლოვის დღეებად გამოაცხადა, სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად. ოკუპანტების იერიშის შედეგად დაიღუპა 20-მდე ადამიანი, 60 დაშავდა, 36 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. სავაჭრო ცენტრის ნანგრევებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ახლაც გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მომხდარს ტერაქტი უწოდა. ის ამბობს, რომ ეს იყო არა შეცდომა, არამედ რუსეთის მიერ გათვლილი ქმედება.

თავდასხმას გამოეხმაურა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელმაც აღნიშნა, რომ სავაჭრო ცენტრის აფეთქება აჩვენებს რუსეთის სისასტიკისა და ბარბაროსობის მასშტაბს. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც აღიარა კრემენჩუკზე სარაკეტო დარტყმა, თუმცა, თავის გამართლების მიზნით, ტრადიციულად, ოკუპანტები ამბობენ, რომ იქ, სადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნებიდან მიღებული იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალები ინახებოდა და სწორედ ამიტომ დაარტყეს ობიექტს.

სევეროდონეცკი ოკუპირებულია და ქალაქიდან უკან დახევის შემდეგ, უკრაინული ძალები აგრძელებენ თავიანთი პოზიციების გამყარებას ქალაქ ლისიჩანსკში. ისინი აგრძელებენ მტრის კონტროლის შესუსტებას რუსულ პოზიციებზე, წარმატებული დარტყმების განხორციელებით. ბრიტანეთის დაზვერვა, ასევე, ამბობს, რომ რუსული ძალების მიერ გამოყენებული იარაღი შექმნილია სტრატეგიული მნიშვნელობის სამიზნეების ასაღებად. ტაქტიკური უპირატესობის მოსაპოვებლად რუსეთი აგრძელებს მათი დიდი რაოდენობით გამოყენებას .

ახლა მთავარი კითხვაა, გახდება თუ არა ლუჰანსკი პირველი ოლქი, რომელსაც რუსეთი აიღებს - ამისთვის ოკუპანტებს მხოლოდ ლისიჩანსკის დაკავება დარჩათ. რუსეთმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი სევეროდონეცკი უკვე აიღო, შესაბამისად, ახლა ლუჰანსკის ოლქში მხოლოდ ლისიჩანსკი რჩება ოკუპანტების მთავარ სამიზნედ. ლისიჩანსკის რაიონში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება და რუსეთის სამხედრო ძალები ცდილობენ სამხრეთიდან ქალაქის დაბლოკვას. ქალაქში ახლა ურთულესი მდგომარეობაა და ადგილობრივების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

ოკუპანტები აღმოსავლეთთან ერთად უტევენ სამხრეთსაც. მიკოლაივში რუსულმა ძალებმა, დაახლოებით, 11 რაკეტა გაისროლეს. მიკოლაივის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ოჩაკოვზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად 3 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 6 წლის გოგონა დაიღუპა, 6 კი დაშავდა. უკრაინული მხარე ამბობს, რომ რუსებმა იმავე ტიპის რაკეტების გამოიყენეს,რაც კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე თავდასხმის დროს. ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი გაიტაცეს და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

დაიბომბა ხაკივიცსალტოვკას რაიონის იერიშის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი გარდაიცვალა, 19 კი დაშავდა. ინფორმაციას ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ავრცელებს. დაშავებულებს შორის 4 ბავშვია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ოკუპანტები ისროდნენ ქუჩებში, ეზოებში და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაში, სადაც მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობა იყო.

ბრძოლა გრძელდება - დასავლეთი კი უკრაინას ისევ ეხმარება. საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრის ინფორმაციით, საფრანგეთი უკრაინას ფრანგული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორსა და დამხმარე მანქანებს გაუგზავნის. ასევე, დღეს ცნობილი გახდა, რომ თურქული კომპანია "ბაირაქტარი" უკრაინას უფასოდ გადასცემს სამ უპილოტო საფრენ აპარატს. 

ავტორი : სანდრო კაჭახიძე

დღის ამბები