19 აპრილი 2024,   04:52
ვრცლად
საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის გაგზავნილი სიმბოლური გზავნილი, ასეთ რთულ დღეებში, ძალიან მნიშვნელოვანია - ბელგიის პრემიერი

დღეს, მადრიდში, ნატოს სამიტის მეორე დღეა. სწორედ დღეს უნდა მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილება კიევისა და თბილისისთვის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. სამიტის მონაწილეები მომავალი ათი წლის უსაფრთხოების კონცეფციაზე უნდა შეთანხმდნენ. პირველად 12 წლის შემდეგ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი რუსეთს არა პარტნიორად, არამედ მთავარ საფრთხედ გამოაცხადებს. სამიტზე საუბარი იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზეც, რომელშიც საქართველო აქტიურად არის ჩართული. ესპანეთის დედაქალაქში იმყოფება საქართველოს დელეგაციაც, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრ დე კრო ამბობს, რომ გასულ კვირას საქართველოსთვის, მოლდოვისთვის და უკრაინისთვის გაგზავნილი სიმბოლური გზავნილი, ასეთ რთულ დღეებში ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს სამიტი უკვე წარმატებულია, რადგან ფინეთის და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებით ევროპა მეტად უსაფრთხო და ძლიერი გახდება. მნიშვნელოვანია ფოკუსი უკრაინაზეც გვქონდეს, რადგან ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინელების მხარდაჭერა, იმისთვის რომ რუსეთი ბრძოლის ველზე დამარცხდეს. რაც შეეხება პარტნიორ ქვეყნებს. მნიშვნელოვანი გზავნილი იყო გაგზავნილი ევროკავშირის გაფართოების საკითხზე საქართველოს მიმართულებით, გასულ კვირას. დიახ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გავუგზავნეთ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას. ხალხი ამბობს რომ ეს სიმბოლური მნიშვნელობისაა, მაგრამ ასეთი სიმბოლური გზავნილები ასეთ რთულ დღეებში ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნული ქვეყნები იზიარებენ ჩვენს ღირებულებებს, თავისუფალი საზოგადოების ღირებულებებს, ღია საზოგადოების, სადაც ხალხი უსაფრთხოდ ცხოვრობს. ჩვენ ვიცით რომ ეს დიდ დროს მოითხოვს და ხანგრძლივი პროცესია," - აცხადებს ბელგიის პრემიერ-მინისტრი.

დღის ამბები