25 აპრილი 2024,   15:35
ვრცლად
ფინეთი და შვედეთი ალიანსის ახალი წევრები ხდებიან - NATO-მ კარგად აღჭურვილი ორი ძლიერი არმია მიიღო

ანკარა თანახმაა - ფინეთი და შვედეთი ალიანსის ახალი წევრები ხდებიან. ნატომ კარგად აღჭურვილი ორი ძლიერი არმია მიიღო. თურქეთმა მიიღო ის, რაც სურდა, რუსეთმა კი, რაც არ სურდა: მეტი ნატო საზღვრებთან.

პუტინის პოლიტიკური კრახისთვის ალიანსი ერდოღანის ყველა პირობას დათანხმდა.
ბალტიის ზღვაზე ახლა უკვე ნატოს 7 სახელმწიფოა. ორი რუსული პორტი სანქტ-პეტერბურგსა და კალინინგრადში კი მეტ იზოლაციაში ექცევა.

რაში გაიცვალა ნატოს გაფართოება? ალიანსის გენერალურმა მდივანმა თავის განცხადებებში  "ქურთების მუშათა პარტიას" უკვე უწოდა ტერორისტული ორგანიზაცია.

შვედეთი და ფინეთი კი, ტერორიზმში ბრალდებული ქურთი აქტივისტების თურქეთში ექსტრადიციას მოახდენენ. ამის გარდა ანკარას იარაღის შეძენაზე სანქციებსაც მოუხსნიან, დღის წესრიგში ისევ დადგა ამერიკული გამანადგურებელი თვითმფრინავების შეძენაზე დადებული კონტრაქტის აღდგენა.

სამხედრო ალიანსის მორიგი გაფართოების ისტორია ესპანეთის დედაქალაქში დაიწერა. ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა პუტინის კარზე მიაკაკუნა. ნატო-ს მალე რუსეთის ჩრდილოეთის დედაქალაქ პეტერბურგამდე, სულ რაღაც 200 კილომეტრი დააშორებს. შვედეთი და ფინეთი სამხედრო გაერთიანებაში დაჩქარებული წესით მიიწვიეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ვლადიმერ პუტინს ვრცელი პრესკონფერენციიდან შეახსენა, რომ ახლა მის საზღვრებთან უფრო მეტი ნატოა.

ნატოელების გადაწყვეტილებამდე იყო მემორანდუმი, როცა ფინეთმა და შვედეთმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს თურქეთის ეროვნულ უსაფრთხოებას და დაადასტურეს, რომ "ქურთების მუშათა პარტია" ტერორისტული ორგანიზაციაა. ისინი პირობას დებენ, რომ აღკვეთენ მის და მასთან დაკავშირებული პირების მოქმედებას. არ გაუწევენ მხარდაჭერას ფეთულაჰ გიულენის მოძრაობას. მხარეები უმაღლეს დონეზე ითანამშრომლებენ ტერორიზმის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. დააკმაყოფილებენ თურქეთის მოთხოვნებს, ტერორიზმში ეჭვმიტანილთა ექსტრადირებას. ქვეყნებს შორის არა მხოლოდ უქმდება ყველანაირი ემბარგო იარაღზე, ფინელები და შვედები ჩართავენ კიდეც თურქეთს ევროკავშირის უსაფრთხოების საერთო ინიციატივებში. დოკუმენტს სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი, ის 11 პუნქტს მოიცავს.

მადრიდის სამიტის მთავარი ინტრიგა და საფრთხეც, სწორედ თურქეთის ლიდერის საბოლოო გადაწყვეტილება იყო. შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანებას რეჯეფ ტაიფ ერდოღანი ეწინააღმდეგებოდა, ალიანსის წევრობის მსურველი ქვეყნების ანტიტერორისტული პოლიტიკა იყო. მას შემდეგ, რაც პუტინმა ევროპის მშვიდობა დაარღვია, ისტორიული სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერების განცხადებებიც ისტორიული იყო. ისინი თანხმდებიან, რომ გადაწყვეტილება ნატოს კოლექტიურ თავდაცვას კიდევ უფრო გააძლიერებს. მონაწილეებს სიტყვით მიმართა რუსეთთან ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტმაც.

ახლა 30-ვე ქვეყნის ეროვნულმა პარლამენტმა მადრიდის სამიტის გადაწყვეტილების რატიფიცირება უნდა მოახდინოს. შვედეთსა და ფინეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ საუბრები რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო. ამ ქვეყნებმა სამხედრო მიუმხრობლობის ნაცვლად, საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად ალიანსში გაწევრიანება არჩიეს. დღის ბოლოს ნატოს გაფართოების საკითხზე ვრცლად ისაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

ნატოს ისტორიული სამიტი მადრიდში ხვალ დასრულდება.

დღის ამბები