23 აპრილი 2024,   19:14
ვრცლად
რუსებმა კუნძული ზმეინი დატოვეს - რა ვითარებაა კრიტიკულად მნიშვნელოვან ქალაქ ლისიჩანსკში

ლისიჩანსკი არის ბოლო ქალაქი ლუჰანსკის ოლქში, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინელების დაქვემდებარებაშია. ამიტომ რუსეთი ახლა მაქსიმალურად ცდილობს აიღოს ლისიჩანსკი, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ ეს იქნება პირველი ოლქი, რომელსაც სრულად დაიკავებს.

სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის არსებული მდინარე ოკუპანტებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს, ამიტომ რუსეთი ქალაქის ალყაში მოქცევას სამხრეთიდან ცდილობს.

როგორც ოკუპანტები აცხადებენ, მათი მთავარი მიზანი სწორედ დონბასის რეგიონის აღებაა - ლუჰანსკის და დონეცკის ოლქების. ვლადიმერ პუტინმაც განაცხადა დღეს, რომ უკრაინაში მიმდინარე ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნები არ შეცვლილა და რუსეთი კვლავ დონბასის რეგიონის "გათავისუფლებისთვის" იბრძვის.

ამის პარალელურად, ოკუპანტები უტევენ სამხრეთით არსებულ ქალაქებს და ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე დასახლებებს. მათ შორის იბომბება - ხარკივის, სუმის, ხერსონის ოლქები. უკრაინის სამხრეთ ქალაქ მიკოლაივში ხუთსართულიან საცხოვრებელ კორპუსზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა. რუსული სამხედრო ძალების მხრიდან მიკოლაივში რვა სარაკეტო დარტყმა განხორციელდა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინისთვის სტრატეგიულ კუნძულ ზმეინზე რუსები აღარ არიან. უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად, ოკუპანტებმა კუნძული ზმეინი დატოვეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ზმეინის კუნძულზე სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფების დარტყმების შედეგად, ოკუპანტებმა დაჩქარებული გზით მოახდინეს გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია.

ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროშიც გამოეხმაურნენ. თავდაცვის სამინისტროს სპიკერის მტკიცებით, მათ კუნძულზე არსებული დავალებები შეასრულეს და ის "კეთილი ნების გამოხატვის მიზნით" დატოვეს. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კუნძული ზმეინი რუსეთის ერთ-ერთი პირველი სამიზნე იყო. მას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ამ კუნძულის გაკონტროლება აადვილებს კონტროლის დამყარებას შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთზე.

ათობით მშვიდობიანი მოქალაქე იღუპება ყოველდღიურად რუსეთის თავდასხმის შედეგად, დღემდე უმძიმეს მდგომარეობაში რჩებიან კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრში დაშავებული ადამიანები ,თუმცა დღეს ოკუპანტი ქვეყნის პირველი პირი - პუტინი, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის დაბომბვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთის არმია სამოქალაქო ინფრასტრუქტურას არ ანადგურებს, ამიტომ პასუხისმგებლობას არ იღებს.

უკრაინაში დაბრუნდა 144 სამხედრო მოსამსახურე. განთავისუფლებულთა შორის არის 23 ოფიცერი და 69 სერჟანტი. როგორც იტყობინებიან, 144 სამხედროდან 95 იცავდა მეტალურგიულ ქარხანა „აზოვსტალს“ მარიუპოლში. გათავისუფლებული სამხედროების ოჯახის წევრების ინფორმაციით, იმ მებრძოლების 99%-ს, რომლებიც ტყვეობიდან გუშინ გაათავისუფლეს, კიდურები არ აქვს. გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულ ყველა დამცველს სამედიცინო დახმარება ესაჭიროება. ტყვეთა ეს გაცვლა ყველაზე მასშტაბურია, მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ 24 თებერვალს.

დღის ამბები