"ქართულ ოცნებაში" საკუთარი მხარდამჭერების ჩართულობას ნებისმიერი სახის დაპირისპირებაში გამორიცხავენ და ამბობენ, რომ მათთვის ძალადობა მიუღებელია. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნებს და გეგმებს, ხელისუფლებაში მიაჩნიათ, რომ ეს არის დესტრუქციული გზა, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
""ქართული ოცნების" აქტივისტებს არანაირი როლი არ გააჩნიათ, ნებისმიერ ძალადობას მე პირადად და ჩვენი პარტიაც გმობს. იმისთვის, რომ საქართველოში შენარჩუნებული იყოს წესრიგი და მართლწესრიგი, სრულად არიან მობილიზებული სამართალდამცავი ორგანოები, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებასაც ჰქონდეს თავისი პასუხისმგებლობა გაცნობიერებულ-გააზრებული და თავი შევიკავოთ ძალადობისგან," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ოპოზიციას პროცესები რადიკალიზაციისკენ მიჰყავს:
"აბსოლუტურად რადიკალიზაციისკენ მიჰყავთ პროცესები, როდესაც აყენებენ ისეთ მოთხოვნებს, რომლის შესრულების არავითარი ობიექტური რესურსი და წინაპირობა არ არსებობს და მეორე, რასაკვირველია, მათ შორის, მაგალითად, აქა იქ გაკეთებული განცხადებები რადიკალიზაციის ისეთ ფორმებთან დაკავშირებით, რომელიც კანონის ფარგლებსაც კი შეიძლება სცილდებოდეს - ეს არის ტენდენცია, რომელიც აბსოლუტურად არათავსებადია ერთის მხრივ ევროკავშირის იმ რეკომენდაციებთან, რომელიც მიგვიყვანს რეალურად კანდიდატის სტატუსამდე და მეორეს მხრივ, ეს არის სრულიად საპირისპირო სვლა, ხელის შეშლა რეალურად სახელმწიფოსთვის," - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.