19 აპრილი 2024,   17:39
ვრცლად
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები შსს-ს "თბილისი პრაიდის" ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარებისთვის მადლობას უხდიან

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და "თბილისი პრაიდს" ღონისძიებების მშვიდობიანად ჩატარებას ულოცავენ. მათ შორის არის ნიდერლანდების ელჩი საქართველოში, მაიკა ვან კოლდამი, რომელიც "პრაიდის" ღონისძიებების მშვიდობიანად დასრულებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. 

 „ვზეიმობთ თანაბარ უფლებებს ყველასთვის, ვზეიმობთ თბილისი პრაიდსა და მის დაგვირგვინებას. ვულოცავ ღონისძიების ორგანიზატორებსა და თბილისი პრაიდის გუნდს, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის და ფუნდამენტური უფლებების დაცვისთვის,"- წერს ნიდერლანდების ელჩი.

ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ჰელენე სანდ ანდერსენი კი მადლობას უხდის შსს-ს და ყველა პოლიციელს. 

 „ვულოცავ „თბილისი პრაიდს“ შესანიშნავ კვირეულს თბილისში! სასიამოვნოა თქვენთან ყოფნა ფესტივალზე საქართველოში. მადლობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ყველა პოლიციელს, კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, ხალხის უსაფრთხოების დაცვისთვის. ეს ადამიანის უფლებების გამარჯვებაა,“ - წერს ჰელენე სანდ ანდერსენი.

შსს-ს მადლობას უხდის, ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი, ნიკ ბერესფორდი. პრაიდის ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარების შესახებ ის "ტვიტერზე" წერს :

 „ვუერთდები შინაგან საქმეთა სამინისტროს და მისი პოლიციის მიმართ გამოთქმულ მადლობებს კანონის უზენაესობისა და თბილისი პრაიდზე მყოფი ყველა პირის დაცვისათვის. ეს წინ წადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში“ - აღნიშნავს ნიკ ბერესფორდი. 

ისრაელის ელჩი საქართველოში რან გიდორი კი მიიჩნევს, რომ უსაფრთხოებისთვის განხორციელებული სამუშაოები სამაგალითოა. 

 „ვულოცავ შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაგალითოდ შესრულებულ სამუშაოს პრაიდის კვირეულის ღონისძიებებზე უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფის მიმართულებით. აქ იყო ზედმიწევნითი დაგეგმვის, დიალოგის და შეუპოვარი ლიდერობის ნაზავი, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული თანასწორობისა და მრავალფეროვნების ღირებულებების ეფექტურად დასაცავად," - წერს "ფეისბუქზე" რან გიდორი. 

"თბილისი პრაიდი" წელს 28 ივნისს დაიწყო და 2 ივლისამდე გაგრძელდა. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი იყო სამი ღონისძიება, მათ შორის არ იყო "ღირსების მარში".

დღის ამბები