დაესწრება თუ არა ოპოზიცია დეპოლარიზაციის თემაზე შალვა პაპუაშვილთან დღევანდელ შეხვედრას, ამ მიმართულებით ხელისუფლების ოპონენტებს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ. ნაწილი თვლის, რომ საპარლამენტო მუშაობის გაძლიერებისთვის მათ ყველა პლატფორმა უნდა გამოიყენონ, ნაწილს კი გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს და დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება" მხოლოდ დროის გაჭიანურებას ცდილობს.
ევროკომისიის დავალების დეტალების განსახილველად ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს დილიდანვე კონსულტაციებზე კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან. მოგვიანებით კი სავარაუდოდ, საკუთარ დღის წესრიგს უკვე სპეციალურ ბრიფინგზე წარმოადგენს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ 12 პუნქტის შესრულებისთვის საჭირო დღის წესრიგის შექმნა და რიგგარეშე სესიის მოწვევა. ასევე, როგორც სამნიძე აცხადებს, თუ ხელისუფლებას სურს დეპოლარიზაცია, ამისათვის საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებების მე-2 და მე-3 მუხლით მიღება.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი კი აცხადებს, რომ უნდა მოხდეს რიგგარეშე სესიების ჩანიშვნა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოხდება მსჯელობა.
"არაფერს არ ველოდებით შეხვედრებისგან, სადაც აბსტრაქტული მოთხოვნებია ხოლმე, როდესაც აბსტრაქტულად დეპოლარიზაციას ითხოვ, არაფრის მომცემი არ არის. ჩვენ კონკრეტული შეთავაზება გავაკეთეთ დღეს, რომ ჩაინიშნოს რიგგარეშე სესიები, სადაც მოხდება საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობა, რომელიც კავშირში არის იმ 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით," - აცხადებს ბაჩო დოლიძე.
ოპოზიციისგან განსხვავებული პოზიცია აქვს პარტია "ლელო საქართველოსთვის" საგარეო ურთიერთობათა მდივან გრიგოლ გეგელიას, იგი შეხვედრაზე დასწრებას არ აპირებს და აცხადებს, რომ არაფერი სამსჯელო არ არის დარჩენილი იმაზე თუ რა რეფორმები უნდა გატარდეს, ვინაიდან ევროპულმა კომისიამ ნათლად გასცა საქართველოსთვის რეკომენდაცია, ეს არის მიშელის შეთანხმება და 12 პუნქტი.