25 აპრილი 2024,   08:03
ვრცლად
ამ წუთებში, პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს​

ამ წუთებში, პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. მთავარი თემა რეკომენდაციების შესრულებაა. ჯგუფი სასამართლო რეფორმაზე მსჯელობს. მანამდე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა - ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე იმსჯელეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინებაზე. ამ მიმართულებით ჯგუფის წარმომადგენლებმა უკვე კონკრეტული კანონოპროექტიც წარადგინეს.

"ერთის მხრივ, ეს შეიძლება თავიდან ბუნდოვანი იყოს, ამიტომ განმარტება სჭირდება- ზოგადად, პროაქტიული ნიშნავს, წინასწარ, რაღაცის მოხდენის წინ,  ამ შემთხვევაში შეიძლება გაუგებარი აღმოჩნდეს, რომ წინასწარ, როგორ განვჭვრიტოთ რა გადაწყვეტილება მიიღებს სტრასბურგის სასამართლო. სინამდვილეში, ამას ძალიან მკაფიო და რაციონალური საფუძველი უდევს, იმის რეტროსპექტრიული ანალიზით, თუ რა გადაწყვეტილებები იქნა მიღებული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ პრეცედენტული სამართლის პრინციპებით შეიქმნას ისეთი კანონპროექტები, რომელიც მომავალში გაითვალისწინებს ამას და კანონის სახე მიეცემა,"-აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე დავით სერგეენკო.

ამასთან, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური აცხადებს, რომ მმართველ გუნდს აქვს კანონპროექტად ქცეული მნიშვნელოვანი დოკუმენტი. 

"სრული კონსენსუსი იქნა მიღწეული და დღეს, ჩვენ გვაქვს კანონპროექტად ქცეული ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც მიზნად ისახავს საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში კიდევ უფრო მეტ ადგილის გაჩენას ევროპის სასამართლოს პრაქტიკისა",-აცხადებს ალუდა ღუდუშაური.

 

დღის ამბები