გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა, დონალდ ტრამპის სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების 11 ნაკრები ამოიღეს, მათგან რამდენიმე დოკუმენტს გრიფი "სრულიად საიდუმლო" ადევს. ინფორმაციას "ვაშინგტონ პოსტი" ავრცელებს. გამოცემის თანახმად, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა ტრამპის რეზიდენციის ჩხრეკისას დაახლოებით 20 ყუთი ამოიღეს, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტის ფოტოალბომები და ხელნაწერი დოკუმენტები.
ჩხრეკის ორდერში ნათქვამია, რომ ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტები ეძებენ ყველა ფიზიკურ დოკუმენტს და ჩანაწერს, რომელიც შეიცავს მტკიცებულებებს, კონტრაბანდას ან სხვა მასალას, რომელთა უკანონო ფლობა მინიმუმ სამ პოტენციურ დანაშაულს მოიცავს, მათ შორის არის კანონი ჯაშუშობის შესახებ, რომელიც კრძალავს ეროვნული უსაფრთხოების შემცველი ინფორმაციის შეგროვებას ან სხვისთვის გადაცემას ან დაკარგვას.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა ფლორიდაში დონალდ ტრამპის რეზიდენცია 9 აგვიტოს გაჩხრიკეს. გამოძიება ყოფილი პრეზიდენტის მიერ თეთრი სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების უკანონოდ გატანის საქმეზე მიმდინარეობს.