24 აპრილი 2024,   01:09
ვრცლად
რა გახდა 17 წლის ბიჭის მიერ დედის მკვლელობის მოტივი - "კურიერმა" ახალი დეტალები გაარკვია

დედის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალს დღეს წარუდგენენ, იგივე პროცედურები ჩატარდება მისი მეგობრის მიმართაც.

თბილისში მკვლელობა გუშინ გამთენიისას მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, არასრულწლოვანმა მეგობართან ერთად დედას დანით ჭრილობები მიაყენა. ორივე მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. "კურიერის" ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი ეჭვიანობა გახდა. "კურიერის" ინფორმაციით, არასრულწლოვანმა თავად აღიარა დედის მკვლელობის მოტივი.

19 წლის ახალგაზრდაც დაკავებულია დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით.

ერთ-ერთი ვერსიით, დედის მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი თავად მივიდა გარდაბნის პოლიციის განყოფილებაში და მისცა აღიარებითი ჩვენება, რის შემდეგაც ისიც და მისი მეგობარიც დააკავეს. 

ორივე დაკავებულს, რომლებსაც ბრალად ედებათ ჟანა ხალილოვას მკვლელობა, ბრალს დღეს ოფიციალურად გააცნობენ. 

დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატის, ირაკლი ბენიას თქმით, არასრულწლოვანი გამოიკითხა და განხორციელდა სხვადასხვა საგამომძიებლო მოქმედებები. ბენია ამბობს, რომ არასრულწლოვანს დანაშაულის ჩადენის შემდეგ ადგილიდან მიმალვა არ უცდია, პირიქით, იგი თავად გამოცხადდა პოლიციის საგამომძიებლო ორგანოში. ის ფაქტობრივ გარემოებებზე და მკვლელობის სავარაუდო მოტივის შესახებ არ საუბრობს.

დედის მკვლელობაში ბრალდებული მოზარდი და მისი მეგობარი მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან. ბრალის გაცნობის შემდეგ, სასამართლო იმსჯელებს აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შესახებ, სავარაუდოდ, საგამომძიებლო უწყება პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

ადვოკატებს არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, რა შუამდგომლობას დააყენებენ სასამართლოში.

დღის ამბები