ომის 176-ე დღე უკრაინაში - რუსული ძალები უკრაინის ტერიტორიების დაბომბვას განაგრძობენ. დილით მათ იერიში მიიტანეს ხარკოვის ჩრდილოეთით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა, 16 კი დაშავდა - ინფორმაციას ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაშავებულთა შორის არის 11 წლის ბავშვიც. რაკეტა სალტოვკის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. საავადმყოფოში გადაყვანილთა შორის, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. რთულია ვითარება ზაპოროჟიეშიც, სადაც ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია კიდევ ერთხელ დაიბომბა. აღსანიშნავია ისიც, რომ ტერიტორიას მარტიდან ოკუპანტები აკონტროლებენ. რუსეთის სამხედრო ძალებს სარაკეტო იერიშები დნეპროპეტროვსკის, მიკოლაევის, სუმისა და დონეცკის დასახლებულ რაიონებზეც მიაქვთ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ზაპპოროჟიეში ოკუპანტები ცდილობენ, რომ სიტუაცია თავის სასიკეთოდ გაიუმჯობესონ, თუმცა მათი მცდელობა უიმედოა.
"უკრაინელი დიპლომატები, ჩვენი ბირთვული სპეციალისტები და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო მუდმივ კონტაქტზე არიან. ახლა ისინი მუშაობენ ზაპოროჟიეს ატომურ სადგურზე. რუსული არმია უნდა წავიდეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან და ყველა მეზობელი რაიონიდან, უნდა გაიყვანოს თავისი სამხედრო ტექნიკა სადგურიდან.
ეს უნდა მოხდეს ყოველგვარი პირობების გარეშე და რაც შეიძლება მალე. უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს შესაბამისი კონტროლი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მხრიდან და შესაბამისი მისია ზაპოროჟიეს სადგურზე შეიძლება გაიგზავნოს ლეგალურად, ძალიან სწრაფად და მაქსიმალურად ეფექტიანად. ავდიევკის, ბახმუტის, ხარკოვისა და კიდევ რამდენიმე რეგიონში ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. მადლობელი ვარ თითოეული უკრაინელის, რომელიც არ ნებდება და პოზიციებს იცავს.ზაპპოროჟიასა და რამდენიმე ტერიტორიაზე ოკუპანტები ცდილობენ, რომ სიტუაცია თავის სასიკეთოდ გაიუმჯობესონ, თუმცა მათი მცდელობა უიმედოა,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.