25 აპრილი 2024,   20:18
ვრცლად
რუსი ოკუპანტები უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, "აზოველების" "საჩვენებელი სასამართლოს" დროს, შენობის აფეთქებას გეგმავენ - უკრაინული დაზვერვა მარიუპოლში მოსალოდნელ ტერაქტზე

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, რუსმა ოკუპანტებმა შესაძლოა მარიუპოლში ტერაქტი მოაწყონ - ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

უწყებაში ვარაუდობენ, რომ ერთ-ერთი შესაძლო სცენარით, 24 აგვისტოს, მარიუპოლის ფილარმონიაში, "აზოვსტალის" დამცველების "საჩვენებელი სასამართლოს" დროს, შესაძლოა რუსი ოკუპანტების მხრიდან შენობაზე წერტილოვანი სარაკეტო დარტყმა განხორციელდეს, შემდეგ კი ტრადიციულად შეეცდებიან, ჩადენილი დანაშაულის ბრალის უკრაინაზე გადაეტანას. როგორც სადაზვერვი უწყებაში აცხადებენ, ამ ქმედებაზე "ლეგიტიმურობის" იერის დამატების მიზნით, ოკუპანტები ამზადებენ სპეციალურად გაწვრთნილ "მოწმეებს" და ოკუპირებულ მარიუპოლში შეჰყავთ რუსული პროპაგანდისტული "მედიის" წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, ოკუპანტები დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში "აზოვსტალის" დატყვევებული დამცველების საჩვენებელი "სასამართლო პროცესის" გამართვას გეგმავენ. ამ მიზნით, მარიუპოლის  ფილარმონიის შემორჩენილი შენობების სასწრაფო რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. ფილარმონიის სცენაზე მიმდინარეობს რკინის გალიების მონტაჟი, რომლებშიც მარიუპოლის მცველ უკრაინელ მებრძოლებს განათავსებენ.

უკრაინულ მედიაში წერენ, რომ რუსული მხარე ოლენოვკას ტრაგედიის გამეორებას შეეცდება.  ოკუპირებულ ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაში, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის, "აზოველები" იმყოფებოდნენ, 28 ივლისს, ღამით აფეთქება მოხდა. დაიღუპა 50-მდე და დაიჭრა ათეულობით სამხედრო ტყვე.

უკრაინული მხარის განცხადებით, კოლონია რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო დანაშაულისა და უკრაინელი სამხედრო ტყვეების წამების კვალის დაფარვის მიზნით ააფეთქეს. კოლონიის დაბომბვაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს რუსული მხარე, თუმცა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც დაფუძნებულია ადგილზე გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების, ასევე აფეთქებამდე და მის შემდეგ გადაღებული სატელიტური ფოტოების ანალიზზე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებისა და შეიარაღების ექსპერტების მოსაზრებებზე, მივიდა დასკვნამდე, რომ დიდი ალბათობით მომხდარის რუსული ვერსია გამოგონილია.

"აზოვის" პოლკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფები, მარიუპოლს ომის დაწყების დღიდან იცავდნენ, თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარე დახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა. 17 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამის შემდეგ, "აზოვის" მეთაურმა დენის პროკოპენკომ ("რედის") განაცხადა, რომ  ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას, გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერებასთან დაკავშირებით.  ამის შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა "აზოვსტალის" ტერიტორია ეტაპობრივად დატოვეს. ისინი ამჟამად, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფებიან. მათი ნაწილი, რამდენიმე ათეული ჯარისკაცი,რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რუს სამხედრო ტყვეებში გაიცვალა. "აზოვის" პოლკის მეთაურობა  ტყვეობაში სავარაუდოდ რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

რუსეთის უზენაესმა სასამართლომ უკრაინული პოლკი "აზოვი" ტერორისტულ ორგანიზაციად ცნო. რუსული მხარე და  ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში მათ მიერვე შექმნილი მარიონეტული რეჟიმი "აზოველების" საჯარო გასამართლებას და უმკაცრესად დასჯას ითხოვენ, მათ შორის საუბარია სიკვდილით დასჯაზეც.

დღის ამბები