20 აპრილი 2024,   04:09
ვრცლად
რა ბედი ელის 6 წლის გოგოს, რომლის მამა დაკავებულია, დედას კი შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი

6 წლის გოგონა უკვე ერთი წელია დედასთან აღარ ცხოვრობს, მიზეზი რამდენიმეა, მათ შორის ისიც, რომ ბავშვის მამა ირანის მოქალაქეა და ამბობს, რომ მისი ქვეყნის კანონის თანახმად განქორწინების შემდეგ შვილი მამასთან რჩება.

თამარ ნადირაშვილმა შვილის ნახვა შეძლო, თუმცა მისი სახლში წაყვანა ვერ მოახერხა, ყოფილი მეუღლის ოჯახმა ამის უფლება არ მისცა. ადგილზე საჭირო გახდა პოლიციისა და სოციალური მუშაკის გამოძახება.

ურთიერთბრალდებები მშობლებს შორის სასამართლო განხილვის საკითხი არაერთხელ გამხდარა. საქმეს ისიც ართულებს, რომ დედას შვილთან მიახლოება შემაკავებელი ორდერის საფუძველზე აქვს აკრძალული, მიზეზი ძალადობაა. 27 წლის ქალი ბრალდებას ცილისწამებას უწოდებს და უარყოფს, რომ საკუთარ მცირეწლოვან შვილზე ძალადობდა.

რომელ მშობელთან დარჩება შვილი ეს ყოფილ ცოლ-ქმარს შორის დავის ერთადერთი საკითხი არ არის. ძალადობაში თავის მხრივ ყოფილ მეუღლეს თამარ ნადირაშვილიც ადანაშაულებს. ქალმა ამ პრობლემით სამართალდამცავებსაც მიმართა და მისი საჩივრის საფუძველზე ირანის მოქალაქე მამაკაცი ახლა დაკავებულია. აღმკვეთ ღონისძიებაზე გარდაბნის რაიონულ სასამართლოში დღეს იმსჯელეს.

მთავარი პრობლემა მაინც გადაუჭრელი რჩება. მამა ციხეშია, დედას კი, შვილის წაყვანის უფლებას არ აძლევენ. ბავშვი ამ დრომდე ძიძასთან, მამის ოჯახში ცხოვრობს. ირანის მოქალაქეს კი, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 13 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

დღის ამბები