20 აპრილი 2024,   06:12
ვრცლად
კრიტიკული ანორექსია და მოტეხილობები - ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი მებრძოლები შოკისმომგვრელ მდგომარეობაში არიან

ტყვეობიდან გათავისუფლებული უკრაინელი ჯარისკაცების მდგომარეობა შოკისმომგვრელია. 215 ადამიანიდან თითქმის ყველას ანორექსიის უკიდურესი ხარისხი აღენიშნება, - ამის შესახებ "აზოვის" პატრონაჟის სამსახური ხელმძღვანელმა ელენა ტოლკაჩევამ "უკრაინსკაია პრავდასთან" განაცხადა.

"ჩვენი სამხედროების მდგომარეობა უბრალოდ შოკისმომგვრელია, არის შემთხვევები, როცა ახლობლები ვერც კი ცნობენ. ჩვენი მებრძოლები დაუძლურებული, კონტუზირებული არიან. აქვთ ბევრი ფარული მოტეხილობები და გამწვავებული სხვადასხვა ხარისხის ქრონიკული დაავადებები," - განაცხადა ელენა ტოლკაჩევამ.

ელენა ტოლკაჩევას თქმით, ყველა მათგანს სათანადო სამედიცინო დახმარებას უწევენ, ბევრი მათგანი უკვე მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გადის.

როგორც ტოლკაჩევა ამბობს, სამედიცინო პერსონალი მაქსიმალურად კოორდინირებულად მუშაობს, რომ არ გამორჩეთ არცერთი ნაკაწრი, თუ სისხლჩაქცევა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში, პატრონაჟის სამსახური სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, მებრძოლების ნაწილს სამკურნალოდ და რეაბილიტაციისთვის საზღვარგარეთ გაგზავნის. როგორც ტოლკაჩევამ განაცხადა, სამთავრობო უწყებები მუშაობენ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე აღდგეს მებრძოლების ყველა დოკუმენტი და საბანკო ბარათები, რათა ამ ადამიანებმა ხელფასების აღება შეძლონ.

შეგახსენებთ, 21 სექტემბერს, რუს ოკუპანტებთან ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, შესაძლებელი გახდა 215 უკრაინელი მებრძოლის ტყვეობიდან გათავისუფლება.

გათავისუფლებულებს შორის არიან მესაზღვრეები, პოლიციელები, მეზღვაურები, ეროვნული გვარდიელები, ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლები, მებაჟეები და სამოქალაქო პირები.

გათავისუფლებულთა შორის იყვნენ  "აზოვის" მეთაურები: დენის პროკოპენკო "რედისი", სერგეი ვოლინსკი "ვოლინა", სვიატოსლავ პალამარი "კალინა", დენის შლეგა, ოლეგ ხომენკო . გარდა ამისა, გათავისუფლებულ "აზოველებს" შორის იყვნენ ნიკოლაი კუში "ფროსტი" და კონსტანტინე ნიკიტენკო "ფოქსი", რომელთა სიკვდილით დასჯაც სურდათ ოკუპანტებს.

აზოვის 5 მეთაური თურქეთში იმყოფება, ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან დაცვისა და უსაფრთხოების პირადი გარანტიით.

უკრაინელ მებრძოლებში გაცვლილი ვიქტორ მედვედჩუკი და 55 რუსი  ოკუპანტი რუსეთში დააბრუნეს.

როგორ აღმოჩნდნენ აზოვსტალის მცველები ტყვეობაში

"აზოვის" პოლკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფები მარიუპოლს ომის დაწყების დღიდან იცავდნენ, თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარე დახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა. 17 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამის შემდეგ, "აზოვის" მეთაურმა დენის პროკოპენკომ ("რედის") განაცხადა, რომ  ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერებასთან დაკავშირებით.  ამის შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა "აზოვსტალის" ტერიტორია ეტაპობრივად დატოვეს. ისინი ტყვეობაში რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, "აზოვის" პოლკის მეთაურობა  კი სავარაუდოდ რუსეთის ტერიტორიაზე იყო გადაყვანილი.

დღის ამბები