24 აპრილი 2024,   21:22
ვრცლად
რუსები ომის დაწყებიდან 214-ე დღეს ქუჩაში გამოვიდნენ, თუმცა არა ომის, არამედ მობილიზაციის გასაპროტესტებლად - ქვეყანა პანიკამ მოიცვა

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 214-ე დღე გავიდა. მოსახლეობა კრემლის აგრესიას მხოლოდ ახლა გმობს. ახლა, როდესაც ომში წასვლა ყველას უწევს. ფართომასშტაბიანი აქციები რუსეთში ბოლო რამდენიმე დღეა იმართება, მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტმა მოსახლეობა ისევ მოატყუა და ომში უშვებს ყველას - პენსიონერს, სტუდენტს, მრავალშვილიან მამებს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ჯართან არასდროს ჰქონიათ შეხება. სწორედ ახლა, როდესაც თითქმის ყველა ოჯახს შეეხო მობილიზაცია, მოსახლეობამ მოძმე ერთან წამოწყებული ომიც გააპროტესტა. რუსული მილიცია ძალის გამოყენებით აკავებს საპროტესტო აქციების მონაწილეებს.

32 ქალაქში გამართულ აქციაზე რუსეთის პოლიციამ 750-მდე ადამიანი დააკავა, მათ შორის ყველაზე მეტი  336 დაკავებული მოსკოვშია. დაპატიმრებულთა უმრავლესობა კი ისევ კრემლის პოლიტიკის მსხვერპლი აღმოჩნდა. მათ ნაწილს უწყება გადასცეს და შესაძლოა, წინასწარი დაკავების იზოლატორიდან პირდაპირ ომში აღმოჩნდნენ, ომში, რომლის დაწყებაც 200-ზე მეტი დღის შემდეგ გააპროტესტეს. 

პუტინის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე დაღესტანი აღმოჩნდა. იქ ახლაც მასშტაბური აქციები მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ეს მათი ომი არ არის და უკრაინელების წინააღმდეგ ბრძოლა არ სურთ.

პუტინს მოქალაქეების მობილიზება იმდენად გაუჭირდა, რომ მედიასაშუალება Medusa-ს ინფორმაციით, კრემლში განიხილავენ შესაძლებლობას, უკრაინის ომისთვის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების მცხოვრებთაც მობილიზაცია გაუწიონ. 

იძულებით ომში წასულებზე ისევ უკრაინის პრეზიდენტი ფიქრობს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს სამხედროებს რუსულ ენაზე მიმართა და ურჩია, რომ ტყვედ ჩაბარდნენ. თუმცა, ოკუპანტები მაინც ცდილობენ ხრიკებით მშვიდობიანი მოქალაქეების მოტყუებას და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფსევდორეფერენდუმს ატარებენ. 

დღის ამბები