25 აპრილი 2024,   12:19
ვრცლად
ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა 15 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება

ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა 15 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება. პრემიერის გადაწყვეტილებით, ცვლილება შევა მთავრობის დადგენილებაში. სიახლის შესახებ ცნობილი დღევანდელ სხდომაზე გახდა. მინისტრთა კაბინეტის წევრებმა სულ 21 საკითხი განიხილეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების გაზრდა შეეხება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს.

"ეს ეხება ქვეყნის შიგნით მივლინებებს, რომლისთვისაც განსაზღვრული იყო 15-ლარიანი ლიმიტი. ეს ნორმა გახდება 30 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მივლინებებს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანა იქნება დაკორექტირებული. ის შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ერთიან სტანდარტთან, მათ შორის გათვალისწინებული იქნება ქვეყნებს შორის არსებული განსხვავებებიც. დაახლოებით 37 პროცენტიანი ზრდა იქნება საშუალოდ ქვეყნების მიმართულებით, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები, იქიდან გამომდინარე, რა ოდენობით ხდება ფასების ცვლილება ამა თუ იმ ქვეყანაში. ძირითადად, ეს იქნება სამი კატეგორია დღიურ ნორმებთან მიმართებაში ქვეყნის გარეთ. იქნება 45 დოლარის ოდენობით, 60 დოლარისა და 75 დოლარის ოდენობით.

რაც შეეხება ვალუტას, ბუნებრივია, ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილია ევროში, სხვა ქვეყნებში დოლარში," - აცხადებს ხუციშვილი.

მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ეხმაურებიან საექსპერტო წრეებში. ექსპერტი საბანკო-საფინანსო საკითხებში, გიორგი ცუცქირიძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი მაღალი ეკონომიკური ზრდის და შესაბამისად გაზრდილი საბიუჯეტო შემოსავლების შედეგია.

დღის ამბები