04 დეკემბერი 2022,   10:22
ვრცლად
საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღიდან 29 წელი გავიდა - ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დღეს დილიდან ხალხმრავლობა იყო

საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ტრაგიკული დღიდან 29 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს 11 დღიანი შტურმის შემდეგ სოხუმი დაეცა. მიუხედავად გმირული წინააღმდეგობისა, ქალაქის მცირერიცხოვანმა დამცველებმა სეპარატისტების, დაქირავებული მებრძოლებისა და რუსი ჯარისკაცების შეჩერება ვეღარ მოახერხეს. 

სეპარატისტებმა სოხუმის დაცემის დღეს ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი და საბჭოს 27 თანამშრომელი, რომლებიც რამდენიმე საათში დახვრიტეს. სულ 92-93 წლებში აფხაზეთში საომარი მოქმედებებისას 14 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 300- ათასზე მეტი კი დევნილად იქცა. დღეს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულებს გმირთა მოედანზე პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.

საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დღეს დილიდან ხალხმრავლობა იყო. ერთ-ერთი პირველი, ვინც აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, საქართველოს პრემიერ-მინისტრი იყო. ირაკლი ღარიბაშვილი მემორიალთან მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მივიდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გმირების ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს და სახელმწიფოს მხარდაჭერა დაუდასტურეს.

მთავრობის მეთაურმა სოციალურ ქსელში დღევანდელ დღესთან დაკავშირებით პოსტიც გამოაქვეყნა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მომავალი აფხაზთა და ქართველთა ერთობას ეკუთვნის.

"ქვეყნის გაერთიანება თითოეული ჩვენგანის მიზანია და ძლიერ განვითარებულ ქვეყანაში ცხოვრება საუკეთესო პერსპექტივაა ჩვენი ხალხისთვის", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღესვე პრემიერ-მინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარესთან და თბილისის მერთან ერთად მემორიალის ტერიტორიაზე საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტვას ბიუსტი გახსნა. აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე სეპარატისტებმა სწორედ სოხუმის დაცემის დღეს დახვრიტეს.

წინა წლების მსგავსად, დღესაც გმირთა მემორიალი სხვადსხვა პოლიტიკური ჯგუფების შეკრების ადგილი იყო. დაღუპული გმირების ხსოვნას დილიდან მიაგეს პატივი როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგნელებმა.

გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გმირების ხსოვნა თითოეული ქართველის ვალდებულებაა.

დღის ამბები