25 აპრილი 2024,   06:02
ვრცლად
"კეზერაშვილი არის მედიის შემქმნელი ღიად. შეგიძლიათ მარეგულირებელში ნახოთ, რით დააფინანსა" - რომან გოცირიძე 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომელიც მან დავით კეზერაშვილის მისამართით გააკეთა, შეფასებები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრი, რომან გოცირიძე ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, ვის აფინანსებს დავით კეზერაშვილი. მისი ინფორმაციით, ერთადერთი, რაშიც მან თანხა ჩადო, ეს ტელეკომპანიის შექმნაა. 

"მე არ ვარ საქმის კურსში, ვინ ვის აფინანსებს. თუ კონკრეტულად დავით კეზერაშვილზე მეკითხებით, მან შექმნა საუკეთესო კრიტიკული ტელევიზია. კეზერაშვილი არის მედიის შემქმნელი, ღიად. შეგიძლიათ მარეგულირებელში ნახოთ, რამდენი ფული ჩადო, რით დააფინანსა. აქედან მოგებას როდის ნახავს, არავინ იცის. სინამდვილეში, ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც ქველმოქმედებად და სიკეთედ ქვეყნის დემოკრატიისათვის,“ - აცხადებს რომან გოცირიძე.

ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი დავით კეზერაშვილის ინტერესებს და დახმარებას ოპოზიციასთან მიმართებაში, ადასტურებს. "კეზერაშვილი ოპოზიციურ ველზე ბევრ ადამიანს ეხმარება, ზოგადად ოპოზიციას ეხმარება და ფიქრობს ოპოზიციის გაძლიერებაზე," - თქვა მან. 

დღის ამბები