25 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევა - "ქართული ოცნების" ბრალდებას პროცესის გაუმჭვირვალობაზე მესამე სექტორში პასუხობენ

რამდენად ღიად და გამჭვირვალედ მოხდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სახალხო დამცველის კანდიდატების შერჩევა - მმართველ გუნდს შეკითხვები აქვს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც პარლამენტს და პარტიებს მიუთითებენ, რომ პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, კრიტერიუმებზე დაყრდნობით და საჯარო, თვითონ დახურული პროცესით გარიგდნენ კანდიდატებზე.

ბრალდებებს პასუხობენ  მესამე სექტორში. აქ აცხადებენ, რომ კრიტერიუმები არასამთავრობოებმა წინასწარ გამოაქვეყნეს, პასუხისმგებლობა კი პროცესის გამჭვირვალობაზე პარლამენტს ეკისრება. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის პოსტზე 3 კანდიდატი, გიორგი ბურჯანაძე, ანა აბაშიძე და ნაზი ჯანეზაშვილი გუშინ დაასახელეს.

"შევიმუშავეთ კრიტერიუმები, ვიმსჯელეთ ყველა არსებულ კანდიდატზე, კენჭიც კი ვუყარეთ, დაგვრჩა სამი კანდიდატი, რომელსაც ჰქონდა უმრავლესობის მხარდაჭერა,"- განაცხადა კავშირი "საფარის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბაია პატარაიამ.

დავით უსუფაშვილის თქმით, თავის დროზე არასამთავრობოების მიერ კანდიდატების შერჩევის პროცესი ქართული ოცნებისგან მოწონებული იყო, თუმცა ამჯერად ქართულ ოცნებას ეს წესი რატომღაც აღარ მოსწონს. პოლიტიკური ჯგუფის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარე ამბობს, რომ სახალხო დამცველის არჩევით, ქვეყანა ადამიანის უფლებების უმთავრესს დამცველს ირჩევს და ამ საკითხში ყველაზე კომპეტენტურები სწორედ ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები არიან.

"სტრატეგია აღმაშენებელში" ამბობენ, რომ არასამთავრობოების მიერ შერჩეული სამივე კანდიდატი მათთვის მისაღები და პატივსაცემია. პაატა მანჯგალაძის თქმით, წესის ცვლილებით ოცნებას სურს რომ კანდიდატების რაოდენობა მრავალრიცხოვანი იყოს და შეთანხმება გაჭირდეს.

 

დღის ამბები