01 დეკემბერი 2022,   08:07
ვრცლად
ხმის მიცემა შანტაჟით და ლიკვიდაციის მუქარით -  ომის 217-ე დღე და ე.წ. რეფერენდუმის შედეგები, რომელიც მოსკოვმა გადაანაწილა

უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმი დარღვევების გარეშე ჩატარდა - ამას მოსკოვი აცხადებს და მის მიერ ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო მმართველები. დარღვევად არ არის მიჩნეული მოსახლეობის სახლებიდან გამოყვანა შეიარაღებული ფორმირებების დახმარებით, ხმის მიცემა შანტაჟით და ლიკვიდაციის მუქარით.

შედეგების მიხედვით, რუსეთთან შეერთებას დონეცკის ოლქში 99, ლუგანსკში - 98, ზაპოროჟიეში - 93, ხერსონში კი - 87% უჭერს მხარს. ამ პროცესს ლეგიტიმურს მხოლოდ კრემლი უწოდებს.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო რეფერენდუმს გმობს საქართველო. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის მცდელობა მიუღებელია - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. საზღვრების ძალისმიერი შეცვლა დაუშვებელია, აუცილებელია უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - ასე აფასებს უკანონო რეფერენდუმს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების გამო რუსეთს სანქციებს დაუწესებს კანადა. ქვეყნის პრემიერი ჯასტინ ტრუდო ამბობს, რომ ეს ანექსიაა, რომელიც ყურადღების გარეშე არ დარჩება. უკრაინას მხარს უჭერს ნატოს გენერალური მდივანი. 

კუპიანსკ-უზლოვოი გათავისუფლებულია. ხარკოვის ოლქის ამ დასახლებაში უკრაინელმა სამხედროებმა უკვე აღმართეს ეროვნული დროშა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, წინსვლაა დონეცკის მიმართულებითაც. აქ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია სოფელი რედკოდუბი და ნოვოსელოვკას დასახლება.

მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა 400-მდე სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. განადგურებულია 8 ჯავშანმანქანა, 3 საარტილერიო სისტემა და 12 უპილოტო საფრენი აპარატი. დანაკარგი აქვს უკრაინულ მხარესაც.

 

 

 

დღის ამბები