19 აპრილი 2024,   15:00
ვრცლად
ხანძარი ზოვრეთის ტყეში - ცეცხლი ეროვნულ პარკში "ენერგო–პრო ჯორჯიას" კონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების დროს გაჩნდა

ზოვრეთის მიმდებარედ, ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე ბორჯომის, ახალციხის, აბასთუმნისა და ადიგენის სახანძრო–სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობდნენ. ხანძარი ეროვნულ პარკში, "ენერგო–პრო ჯორჯიას" კონტრაქტორი კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების დროს გაჩნდა.

როგორც ინდ. მეწარმე ნუგზარ პარკაძე ამბობს, მოჭრილმა ხემ მაღალი გამავლობის სადენები გაწყვიტა, სადენები ერთმანეთს შეეხო, რამაც აალება გამოიწვია. ცეცხლი ბალახსა და ფიჭვნარს უკიდია, თუმცა კონტრაქტორი ფირმის თანამშრომლები ამბობენ, რომ მათ დროულად დარეკეს 112-ში, რის გამოც გავრცელების საშიშროება ნაკლებია. 

"პერიოდულად სულ ვატარებთ მსგავს სამუშაოებს, ახლაც მაღალი ძაბვის ქვეშ გამავალ ხეებს ვჭრით, რადგან ავარიულ სიტუაციები იქმნება–ხოლმე. ერთ–ერთი მათგანი ხაზს ეხებოდა, წვერიც აქვს მომწვარი. სწორედ ამ ხეს ჭრიდნენ, რომელიც მეორეს დაეცა და მან გაწვიტა ხაზი. ნაპერწკლებმა კი ცეცხლი გააჩინა. რაც მთავარია მაშინვე შევნიშნეთ და შესაბამისი სამსახურებიც მალე მოვიდნენ", – ამბობს ნუგზარ პარკაძე.

სოფელ ზოვრეთთან ხანძარი დღეს, 28 სექტემბერს, შუადღით გაჩნდა, როგორც სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა ტელეკომპანია ბორჯომს განუცხადა, ადგილზე ხანძრის სამი კერა გაჩნდა.

"მეხანძრე - მაშველები რეგიონის მასშტაბით არიან მობილიზებულნი, ამუშავებენ სპეციალურ ტუმბოს, სახანძრო მანქანებიც მისადგომ ადგილებზე ყველგან მუშაობენ. რადგან ადგილზე მისვლა შეიძლება, ამიტომ ვერტმფრენის ჩართვის საჭიროება ჯერ-ჯერობით არ დგას" - აღნიშნა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა.

რა ფართობზეა გავრცელებული ცეცხლი და აპირებს თუ არა უწყება ხანძრის ქრობის პროცესში ვერტმფრენის ჩართვას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამის შესახებ არ საუბრობენ.

დღის ამბები