19 აპრილი 2024,   18:09
ვრცლად
აშშ-ის სენატის საპასუხო ნაბიჯი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებზე - ქვეყნებს, ვინც ანექსიას აღიარებს ეკონომიკური და სამხედრო დახმარება უნდა შეუწყდეთ

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ ეგრეთწოდებულ რეფენდუმებს შეერთებული შტატების კონგრესში საპასუხო ნაბიჯი მოჰყვა. გავლენიანმა სენატორებმა ლინდსი გრემმა და რიჩარდ ბლუმენტალმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომლითაც ვაშინგტონი ყველანაირ ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს იმ ქვეყანას, რომელიც უკრაინის რეგიონების ანექსიას ცნობს. ინიციატივა კონგრესში 2 ფორმით არის წარმოდგენილი. ერთი სენატის კანონპროექტია, მეორე კი ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შესწორება.

"ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ეხმარება და ხელს უწყობს ვლადიმირ პუტინს ამ აბსოლუტურად უკანონო ქმედებაში, მისი თანამონაწილეობისთვის პასუხისმგებელი უნდა იყოს. არანაირ ეკონომიკურ და სამხედრო დახმარებას არ მიიღებს ქვეყანა, რომელიც ანექსიას აღიარებს. ეს არის მიწის მიტაცება, ქურდობა და პუტინის კიდევ ერთი თავხედური ტაქტიკა, უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა შეამოწმოს," - თქვა სენატორმა რიჩარდ ბლუმენტალმა.

განცხადება გააკეთა უკრაინის რეგიონების ანექსიასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების პრეზიდენტმა. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის პრეტენზიას ამერიკა არასოდეს ცნობს.

"შეერთებული შტატები, არასოდეს, არასოდეს ცნობს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის პრეტენზიას. ეს ეგრეთწოდებული რეფერენდუმი აბსოლუტურად ყალბია. შედეგები მოსკოვში მოამზადეს. უკრაინელების რეალური ნება კი ყოველ დღე ჩანს, როდესაც სიცოცხლეს წირავენ საკუთარი ხალხის გადასარჩენად და მათი ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად," - განაცხადა ბაიდენმა.

სენატორი ლინდსი გრემი დღეს პუტინის მიერ ბირთვული იარაღით მუქარასაც შეეხო და თქვა, რომ თუკი ასეთი სცენარი განვითარდა და კრემლი უკრაინაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ეს ნატოს წინააღმდეგ თავდასხმად უნდა იყოს მიჩნეული.

"რადიაცია მხოლოდ უკრაინაში არ იქნება შემოსაზღვრული. დასხივდება ევროპის ის ნაწილი, რომელიც NATO-ს დროშის ქვეშ არის მოქცეული. თუკი ოდესმე ეს დღე დადგა, ვიმედოვნებ და ვლოცულობ, არ დადგეს, ნატოს და შეერთებული შტატების მხრიდან ეს განხილული უნდა იყოს რუსეთის მიერ ნატოზე თავდასხმად," - ამბობს გრემი.

ლინსი გრემმა დღეს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ უნდა აღიარონ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, რომლის თაობაზე მას ბლუმენტალთან ერთად კანონპროექტი მომზადებული აქვს და რასაც დიდი ხანია ითხოვენ უკრაინელები. სენატორი თვლის, რომ ამ კატეგორიაში რუსეთის ჩასმა, თამაშის წესებს მნიშვნელოვნად შეცვლის.

დღის ამბები