გადამწყვეტი ზამთარი ევროკავშირის მოქალაქეებისთვის - ომის გამო ევროკავშირში ენერგორესურსებზე ფასები მომატებულია. ევროკავშირის მთავარი მიზანია ენერგოდივერსიფიცირება რუსეთისგან.
რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ევროპა არ იყოს დამოკიდებული რუსეთის მატარებლებზე და ამავე დროს მომატებული ფასები არ აისახოს ევროპის მოქალაქეებზე - ამ თემაზე კიდევ ერთხელ ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრები მსჯელობენ.
"ჩვენი მოქალაქეები და ბიზნესი ევროკავშირისგან ელოდებიან კონკრეტულ წინადადებებს იმის შესახებ, თუ როგორ მოხდება ექსტრემალურად მაღალი ენერგო ფასების დაძლევა. სამი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი, რომელიც მაგიდაზეა. პირველი არის ელექტროენერგიაზე დამოკიდებულების შემცირება; მეორეა, ელექტროენერგიის მწარმოებლებისთვის მოგების შეზღუდვა და გადასვლა იაფ წყაროებზე; მესამე არის სოლიდარობის შენატანი, რომელიც იქნება ნავთობმწარმოებლებისთვის და გამოითვლება მიღებული მოგებიდან. ახლა რუსეთთან ენერგო ომში ვართ, ზამთარი კი გვიახლოვდება, ამიტომ უნდა ვიმოქმედოთ დაუყონებლივ," - აცხადებს ჩეხეთის მრეწველობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის მინისტრი ჯოზეფ სეკელა.
ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი კადრი სიმსონი მიიჩნევს, რომ დღევანდელი შეხვედრა შედეგიანი იქნება და მინისტრები პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწევენ.
"მჯერა, რომ დღეს მივიღებთ ყველა საჭირო ნაბიჯს ენერგიის კრიზისთან დაკავშირებით. როგორც იცით კომისიამ შემოგვთავაზა ზომები ენერგიის მოთხოვნის შესამცირებლად და ასევე შემოსავლების გამომუშავებისთვის, რომელიც ამ კრიზისში შეიძლება გამოყენებულ იქნას ადამიანებისა და ბიზნესის მხარდასაჭერად. დარწმუნებული ვარ, რომ მინისტრები დათანხმდებიან, იმაზე, რომ აღნიშნული ზომები დაგვეხმარება ფასებზე ზეწოლის განმუხტვაში. ამიტომ ველოდები, რომ დღეს გვექნება პოლიტიკური შეთანხმება და ამის შემდეგ შეგვიძლია განვახორციელოთ ღონისძიებები," - ამბობს ის.
ხორვატიის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დავორ ფილიპოვიჩი აცხადებს, რომ ენერგოკრიზისის გადასაჭრელად გაზზე ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს.
"ყველა ეს დროებითი ზომა კარგია, მაგრამ იმისათვის, რომ ვიპოვოთ გამოსავალი, რათა დავეხმაროთ ჩვენს მოქალაქეებს ამ ენერგეტიკულ კრიზისში, ჩვენ უნდა დავაწესოთ გაზზე ფასის ზედა ზღვარი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველამ უნდა წავიდეთ ამ ფასის შეზღუდვის მიმართულებით, რადგან ახლა გაზის ფასი ჩამოყალიბებულია, გარკვეულ ინდექსებზეა დამოკიდებული და ეს ყველაფერი სპეკულაციაზეა დაფუძნებული. გაზის წარმოების ღირებულება არ გაძვირებულა, მაგრამ ფასები ძალიან ძვირდება. ეს ურტყამს ჩვენს ეკონომიკას, ეს ურტყამს ჩვენს მოქალაქეებს," - აცხადებს დავორ ფილიპოვიჩი.