05 დეკემბერი 2022,   09:52
ვრცლად
ვითარება პენიტენციურ სისტემაში, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, პოლიციელთა საქმიანობა, სასამართლოში არსებულ გამოწვევები - ომბუდსმენი დეპუტატებს ანგარიშს აცნობს

ომბუდსმენი დეპუტატებს ანგარიშს აცნობს - ადამიანის უფლებები 2021 წელს, რა დარღვევები გამოავლინა ქვეყნის სახალხო დამცველმა.

აქცენტი კეთდება არაერთ მიმართულებაზე, მათ შორის საუბარია ვითარებაზე პენიტენციურ სისტემაში, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე, პოლიციელთა საქმიანობაზე, სასამართლოში არსებულ გამოწვევებზე, დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაუქმებაზე, ბავშვთა უფლებებზე.

ანგარიშში გახმაურებული საქმეებიც მოხვდა. მათ შორის 5 ივლისის და დავით გარეჯის საქმეები. ამ წუთებში დეპუტატები ნინო ლომჯარიას უსმენენ, რის შემდეგაც იქნება შეკითხვები.

"სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურის მიერ წარმოებულ არაერთი საქმის გამოძიების პროცესში გამოვლინდა მნიშვნელოვანია ხარვეზები, რომლებიც არ შეესაბამება ეფექტური გამოძიების კრიტერიუმებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამოძიება, ასევე ნინოწმინდის პანსიონის საქმე, ე.წ. კარტოგრაფების საქმე.

საგანგაშო იყო 2021 წლის 13 სექტემბერს სამოქალაქო სექტორის, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების, სასულიერო პირების და დიპლომატების მიმართ თვალთვალის და მიყურადების მასალის გაჟონვა, რაც მორიგი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქართველოში სავარაუდოდ უკანონო, ფართომასშტაბიანი მოსმენები და შესაბამისად მოქალაქეთა პირადი ცხოვრების უფლებაში მასობრივად და უხეშად ჩარევის ფაქტები სისტემური შემთხვევაა.

უმთავრესი პრობლემაა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმების, პრობლემაზე საუბრის აკრძალვის და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. არის შემთხვევები, როდესაც პატიმრებს პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლის გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად ათავსებს. საგულისხმოა, რომ 2021 წელსაც შენარჩუნებული იყო პატიმრების სრული გაშიშვლების და ბუქნების გაკეთების პრაქტიკა," - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

დღის ამბები