ლარსის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსეთიდან შემომსვლელთა რიცხვი შემცირებულია, თუმცა კვლავ გადმოდიან ადამიანები, ვისაც პუტინის ომში მონაწილეობის მიღება არ სურს. მათი თქმით, დაბრკოლებებია საზღვარზე რუსეთის მხრიდან, რის გამოც საკმაოდ რთული გზის გავლა უწევთ.
რუსეთის ხელისუფლება ცდილობს წნეხის ქვეშ მოაქციოს ხალხის ის ნაკადი, რომელიც თავის მხრივ ცდილობს დატოვონ რუსეთის ფედერაცია. საზღვარზე გადმომსვლელთა შორის რუსეთის მოქალაქეებთან არიან სხვა ქვეყნების, მათ შორის უკრაინის მოქალაქეებიც. როდესაც საუბარია წნეხზე, ამ შემთხვევაში იგულისხმება სხვადასხვა მეთოდები, რითაც რუსეთის ხელისუფლება ცდილობს მათ გადააფიქრებინოს ქვეყნის დატოვება. მაგალითად, გადაადგილდებიან სამხედროები, ცდილობენ შეზღუდონ შესვლა ვლადიკავკაზში, გადმომსვლელების რაოდენობის კლება ნაწილობრივ ამითაც არის განპირობებული.
რესპოდენტების ნაწილი "კურიერთან" ამბობს, რომ საცობების და რთული ვითარების პირობებში არის მსხვერპლიც, გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი, იმის გამო, რომ მასთან უბრალოდ ვერ მივიდა სამედიცინო დახმარება.
ამ ყველაფერს ემატება კორუფცია. "კურიერის" რესპოდენტების უმეტესობა ამბობს, რომ მათ უწევთ სხვადასხვა ეტაპზე თანხების გადახდა ჩინოვნიკებისთვის, რათა მიეცეთ საზღვრამდე მიღწევის საშუალება.